,,თაიმერი,, ემიგრაციაში მყოფ ჟურნალისტს, კახაბერ ადამიას დაუკავშირდა, რომელმაც როგორც ანალიტიკოსმა, ბოლო დრო საქართველოში განვითარებულმოვლენებზე გაგვაცნო თავისი მოსაზრება.
თქვენ, როგორც ჟურნალისტი, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას და პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, როგორ შეაფასებდითი მოვლენებს, რაც დღეს საქართველოში ხდება?
მართალია დიდი ხანია რაც საქართველოში არ ვარ, მაგრამ ამ მოვლენებს საიდანაც არ უნდა შევხედოთ, ვხედავთ, რომ ევროპისკენ მიმავალმა სამარშუტო ავტობუსმა, რომელშიც ქართველები ისხდნენ, გზაგასაყარზე, მკვეთრად რუსეთისკენ გადაუხვია და ახლა მგზავრებს, იმ ქვეყნის ბნელი ტრამალებისკენ, დამუხრუჭების გარეშე მიაქანებს. დარწმუნებული ვარ, რომ მძღოლმა და მგზავრების ნაწილმაც, თავიდანვე იცოდნენ სად მიდიოდა ეს ავტობუსი და გზიდან როდის უნდა გადაეხვიათ, და ამისთვის წინასწარ ემზადებოდნენ. თუმცა, ავტობუსის მარშუტის ცვლილებაში დამნაშავეები, მხოლოდ ისინი არ არიან. დამნაშავეა ის მგზავრებიც, ვინც ამ რუსულ მანქანას და მის მძღოლს, ბოლო მომენტამდე ენდობოდა. ენდობოდნენ ისეთ მძღოლს, რომელმაც ტარება რუსეთში ისწავლა, მართვის მოწმობაც რუსული ჰქონდა და მხოლოდ რუსულ გზებზე მოძრაობის წესებს იცნობდა. დამნაშავეა ის ევროპელებიც, ვინც ამ რუსული ,,პრავით,, აღჭურვილ ,,შოფერს,, ევროპული ,,პუწიოვკა,, გამოუწერეს და მის ,,მარშუტკას,, ბრიუსელში ელოდნენ. ეს ყველაფერი ალეგორიულად, მაგრამ სიმართლე, ეს არის.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერში, ევროპელებიც დამნაშავეები არიან?
რა თქმა უნდა. ევროპელ, ამერიკელ პოლიტიკურ ლიდერებს და ზოგადად დასავლეთსაც მიუძღვის იმ სიტუაციაში თავისი წვლილი, რაც ახლა ჩვენთან ხდება. ისინი თავიანთი ილუზიებით რეჟიმის მიმართ, თავიანთი არაეფექტური მიდგომით, ბოლო მომენტამდე მხარს უჭერდნენ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას და მათი რეალური ზრახვები, დროულად ვერ შეამჩნიეს.
ჩვენ, ქართველი ხალხის იმ ნაწილს, ვისაც გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული, განვითარებული და დაცული ქვეყანა გვქონდეს, ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის თანასწორი წევრი, თავად ევროკავშირმა და აშშ-მ მოგვისპო რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ეფექტური ბრძოლის საშუალება, ბოლო 12 წლის განმავლობაში. დასავლეთში ეგონათ, რომ თავიანთ სტრუქტურებით გავლენას ინარჩუნებდნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ამის გამო თვალს ხუჭავდნენ მათ მიერ ჩადენილ უამრავ უმსგავსობაზე, რაც სიმართლისათვის მებრძოლ ადამიანებს საქართველოში, წლების განმავლობაში ბრძოლის მოტივაციას უკარგავდა. ისინი, ბოლო მომენტამდე, საჯაროდ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიული ნორმების დაცვით ტარდებოდა და რომ ლეგიტიმური ხელისუფლება გვყავდა. ბოლო წუთამდე ამტკიცებდნენ, რომ ჩვენთან დემოკრატიაა. რომ სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები – სამართლიანი და ობიექტურია. აქამდე გვარწმუნებდნენ, რომ უსაფრხო ქვეყანა გვაქვს, სადაც პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მოტივებით ადამიანების შევიწროვება არ ხდება. არადა, ის ზეწოლა და ტერორი, რაც ახლა
ასეულობით თავისუფლებისმოყვარე ქართველის თავს, ასე აშკარდა და დაუსჯელად ხდება, პირადად მეც და ბევრმა ჩემნაირმა სიმართლის მოყვარულმა ადამიანმა, საქართველოში, გასულ წლებში, არაერთხელ გამოვიარეთ… თუმცა, დასავლეთიდან ისე გვარწმუნებდნენ დევნის და შევიწროვების არ არსებობაში, თითქოს ისინი ცხოვრობდნენ ჩვენს მაგივრად საქართველოში და ჩვენზე უკეთ გრძნობდნენ – ჩვენ ტკივილს.
სამწუხაროდ, საქართველოში არ აღმოჩნდა არც ისეთი ოპოზიციური პარტიები და არც ენჯეოები, რომლებიც ამ ყველაფრის საპირისპიროში დაარწმუნებდა დასავლეთს და სიმართლის გამოაშკარავებას შეუწყობდნენ ხელს. ამ პარტიებმა და ენჯეოებმა, ქართული სახელმწიფოს სწორ გზაზე გაყვანის და პრორუსულ რეჟიმთან რეალური ბრძოლის ნაცვლად, საკუთარი თავის გამოჩენა, სავარძლები და ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნება არჩიეს, რითაც, წლების განმავლობაში, დემოკრატიულობის ანტურაჟი შეუქმნეს მმართველ რეჟიმს.
ახლა კი, როდესაც ხელისუფლება მათ, შემოსავლის წყაროების გადაკეტვით და უცხოელ აგენტებად გამოცხადებით დაემუქრა, ყველანი აწრიალდნენ, მაგრამ რა უნდა ქნან, წესიერად ახლაც არ იციან.
რუსული კანონის პარლამენტში უკან შემობრუნებამ და ამა წლის 29 აპრილს, რუსლი რეჟიმის მიერ გამართულ აქციაზე, მათი ლიდერების მიერ დასავლეთის წინაშე ნიღბის სრულად ჩამოხსნამ, შოკში ჩააგდო დასავლელი ლიდერები. დასავლეთი არ ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ისინი 12 წლის განმავლობაში, სახელისუფლო
რესურსების უპრეცედენტო გამოყენებით, მოსყიდვით და დაშინებით ჩატარებულ ყველა არჩევნებს უთეთრებდნენ, რომელსაც წინა წლებში ვიზალიბერალიზაცია და სულ ახლახან, სრულიად დაუმსახურებლად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც გაუფორმეს, დასავლურ ინსტიტუტებს საქართველოს სუვერენიტეტის მტრად გამოაცხადებდა და მათზე აგრესიულ იერიშს მიიტანდა.
დასავლელი ლიდერები, ახლა იმდენად რთულ მდგომარეობაში არიან საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით და იმდენად დაბნეულები, რომ მათაც ზუსტად არ იციან რა უნდა მოიმოქმედონ და რითი გაამართლონ, წინა წლებში მათ მიერ გაცემული ნდობა და რესურსები რუსული რეჟიმის მიმართ. ვერბალურ დონეზე კი ემუქრებიან რეჟიმს სანქციებით, თუმცა არც იმაში არიან დარწმუნებულები, რომ ეს
იმუშავებს… და რომ ამით, კიდევ უფრო არ გააღრმავებენ ბზარს დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, და კიდევ უფრო არ შეუწყებენ ხელს,
რუსეთისკენ მათ სვლას.
მოკლედ, დასავლეთი ახლა იმდენად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ დარწმუნებული ვარ, თუნდაც მცირედ დათმობაზე წავიდეს რუსი ოლიგარქი და მისი რეჟიმი, ისეთზე, როგორიც მაგალითად რუსული კანონის გაწვევა, გადავადება ან ცოტათი გადაკეთება იქნებოდა, დასავლელი ლიდერები ისევ აპატიებენ ყველაფერს მათ და ადრინდელივით, ისევ განაგრძნობენ მათთან ნორმალურ ურთიერთობას და თვალხუჭობანას თამაშს.
სამწუხაროდ დასავლეთი, არამც თუ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მსოფლიოს უდიდეს პრობლემასთან, უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაშიც კი, არ დგას ერთიან და ხშირ შემთხვევაში სამართლიან პოზიციაზე. არადა უკრაინა ახლა იმხელა პრობლემაა მათთვის, რომლის დამარცხების და სუვერენიტეტის დაკარვის შემთხვევაში, ევროკავშირიც და ნატოც, ვთვლი, რომ ძალიან მალე ჩამოიშლება. რაც შეეხება ცალკეული ევროპარლამენტარების და ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მიერ, ამ ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადებები, მხოლოდ განცხადების დონეზე რჩება და მათ გარდაქმნას ისეთ ნაბიჯებად, რომელიც რეჟიმს ქცევის წესებს შეაცვლევინებს, ჯერჯერობით ახდენა არ უწერია.ეს ყველაფერი შეიძლებაარასასიამოვნოა, მაგრამ სიმართლეა.
თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს?
უნდა გვქონდეს მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეებში და რაც შეუძლიათ გააკეთონ. როგორც ვხედავთ საქართველოში მოქმედ რუსულ რეჟიმს, დასავლეთისაზრი დიდად არც აინტერესებს და ისიც
ბევრჯერ დამიწერია, რომ ივანიშვილს დასავლეთის სანქციების დიდად ეშინია. ერთადერთი ვისიც მას ძალიან ეშინია, ეს, მისი ბატონი – პუტინია. ასე რომ, მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნით, ჩვენ ვერც რუსული რეჟიმისგან განვთავისუფლდებით და
ვერც ევროპულ ოჯახში გავწევრიანდევით. არ არსებობს ისეთი სიტუაცია თანამედროვე მსოფლიოში, რომ თავისუფლება და დემოკრატია, გარედან ვინმემ შემოგვიგდოს ან გვაჩუქოს. შეიძლება ჩვენს ბრძოლას პოლიტიკურ დონეზე მხარი დაუჭირონ,
დაგვარიგონ, დაგვაფინანსონ, ვიღაცეები დაასანქცირონ და რამეში ხელი შეუშალონ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, თუ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლით და თავგანწირვით, თავად არ გავიკვლიეთ გზა. ისტორიულადაც, უომრად ბევრი რამ დაგვითმია, თუმცა უომრად არც თავისუფლება და არც სახელმწიფოებრიობა, არასოდეს
მოგვიპოვებია.
როგორ ფიქრობთ, ქართველი ახლაგაზრდების შემართება და ის
უშიშარი ბრძოლა ევროპული მომავლისათვის, რასაც ამ დღეებში ვხედავთ, შედეგს გამოიღებს?
ქართველი ახალგაზრდების უშიშარ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის, რომელსაც თითქმის ყველა თაობის ფართო მასებიც უერთდებიან, არის მართლაც საამაყო ყველა ჩვენთაგანისთვის. მართალია მიხეილ სააკაშვილზე, ამ აქციებზე იშვიათად საუბრობენ, მაგრამ სწორედ მის პერიოდში აღიზარდა ის თაობა, რომელმაც იცის დასავლეთის ფასიც,
არსიც და ვერ იტანს რუსეთს. და ეს თაობა, როგორც წინა ხელისუფლების
მიერ დატოვებული ნაღმი, ისე აუფეთქდა დღევანდელ პრორუსულ ხელისუფლებას. ჩვენი ახალგაზრდების უშიშარი მოქმედებები და შემართება, იმდენად ამაღელვებელი და იმედის მომცემი მომენტია, საქართველოს დღევანდელობისთვის, რომ მათი ბრძოლის უშედეგოდ ჩავლა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასი მოვლენა იქნება. არადა, ასეთი საშიშროება არსებობს.
მთავარი საშიშროება ისაა, რომ ამ დიდ და ერთი კონკრეტული თემის გარშემო გაერთიანებულ ახალგაზრდულ ძალებს, არც ერთიანი იდეური ორგანიზაცია ჰყავს სათავეში და არც ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამ ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობა შეიძლება ენდოს და ბოლომდე გაჰყვეს. ასეთი ლიდერების და ორგანიზაციების არ არსებობა, ამ ახალგზრდების ბრალი ნამდვილად არაა. ეს, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის შეცდომების დამსახურებაა და ზოგადად ქვეყნის ტრაგედიაა, რისთვისაც პირად მე, ჩემი თაობის სახელით, მათ ბოდიშს ვუხდი. ამიტომ, ახალგაზრდების ახლანდელი ტაქტიკა, რომ პროტესტმა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მართული სახე არ მიიღოს, ამ მომენტისთვის აბსოლიტურად გამართლებულადმიმაჩნია. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოო მიზნის მისაღწევად, ეს ტაქტიკა ვფიქრობ, რომ ვერ გაამართლებს, რადგანაც საბრძოლველად განწყობილი ახალგაზრდების და ყველა პროგრესულად მოაზროვნე ქართველის მთავარი მიზანი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაა, რაც საბოლოო ჯამში, არც რუსული კანონის უკან გაწვევით და არც რეჟიმის სხვა სახის უკანდახევით არ მიიღწევა… ასეთი მომავალს, მხოლოდ ახალი ეროვნული და დემოკრატიული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა უზრუნველყოფს, რისი პერსპექტივაც, ამ დროისთვის ძალიან ბუნდოვანია.
კარს მომდგარი არჩევნებით ხომ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება და
ამ ახალგაზრდებმაც მიაღწიონ საწადელს?
მე, მათ ადგილზე, არჩევნებისთვის კი არა, ეროვნული დაუმორჩილებლობის გზით, ხელისუფლების გადაყენებისთვის ვიბრძოლებდი. ამ პროცესების და პროტესტის
არჩევნებზე მიბმა, მასზე დამოკიდებულება და პროტესტის
ჩაცხრობა, არის სწორედ ის, რაც ახლა ყველაზე მეტად აწყობს ხელისუფლებას, რადგან იცის, რომ არჩევნებს ისევე გააყალბებს როგორ აქამდე აკეთებდა და გაიხანგრძლივებს
არსებობას.
არ არსებობს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ,,ქართული ოცნება,, არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს და არც იმის იმედი ჰქონდეს ვინმეს, რომ დასავლეთი უზრუნველჰყოფს საქართველოში არჩევნების ობიექტურ და დემოკრატიულ გარემოში
ჩატარებას. ეს, ის ილუზიაა, რომელსაც ხელისუფლებასთან გარიგებულ ე.წ. ოპოზიციურ ძალები ქმნიან. დასავლეთს, მხოლოდ არჩევნების პროცესის დაკვირვება და შეფასება
შეუძლია, და ამასაც, აქამდე რუსული რეჟიმის სასარგებლოდ აკეთებდა სამწუხაროდ, რამაც ასეთ სავალალო სიტუაციამდე მიგვიყვანა. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ახლგაზრდების შეუპოვარ ბრძოლას, წინ სერიოზული გამოცდა ელის და ამ გამოცდის სიმძფრეს ისინი, თუ მანამდე არა, არჩევნების ჩატარების დღეს, აუცილებლად იგრძნობენ და დარწმუნდებიან, რომ არჩევნებით ეს ხელისუფლება არ წავა.
თუ არჩევნებს დაელოდებიან, ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, რუსული რეჟიმი როგორ მირეკავს არჩევნებზე წინასწარ დამუშავებულ ამომრჩევლებს, პოლიციის და
კრიმინალების თანხლებით. ნახავენ, როგორი ჩაიყრება ურნაში რეჟიმის სასარგებლოდ მიცემული ხმები იმ ხალხისაგან, რომელთა მიმართ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე,
მოსყიდვის, შანტაჟის და დაშინების მეთოდები გამოიყენეს. ნახავენ, როგორი ბინძური მეთოდებით შეუშლის ხელს რეჟიმი, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ნების
გამოხატვაში და ხმის მიცემაში. უფრო ნათლად ნახავენ ყველა იმ უკანონობას და ძალმომრეობას, რაც პირადად მე არაერთხელ მინახავს, როდესაც რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს ვაკვირდებოდი როგორც ჟურნალისტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი. პუტინსაც კი შეშურდება ისეთ სპეცოპერაციას ჩაატარებენ მომავალ არჩევნებზე. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ახალგაზრდებს, მომავალი ბრძოლის ყველა შესაძლო ვარიანტი და მეთოდი, წინასწარ გათვლილი უნდა ჰქონდეთ, რისთვისაც ძლიერი ლიდერები სჭირდებათ.
ახლა ასეთი არავინ ჩანს, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ თუნდაც ამ ახლაგაზრდებში გამოჩნდნენ ისეთი ლიდერები, ვისაც ეყოფა ჭკუა, ექნება ნდობა და ვისაც ქართველი ხალხი გაყვება სასურველი მიზნის მისაღწევად.
მე ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ არსებული ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების იმედად, დიდად ნუ დარჩებიან, რადგან ბრძოლაში თუ ვინმე უღალატებს მათ, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იქნებიან. მე, ეს ბევრჯერ მინახავს. ჯობია, რომ სანდო
ლიდერთა ჯგუფი, თავიანთ, ახალგაზრდულ და გაუსვრელ წიაღში ეძებონ და ნუ ელოდებიან, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ ტახტზე ნაწოლი რომელიმე პოლიტიკოსი, როგორ გააერთიანებს ოპოზიციას, რათა რეჟიმის მიერ გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია მისცეს. მეც და ჩემი თაობის ძალიან ბევრი ადამიანი, სიამოვნებით გვერდში დავუდგებოდით, ასეთ ახალგაზრდა ლიდერებს და რითაც შეგვეძლება დავეხმარებოდით. საერთოდაც, ეს მთელი საქართველოს ბრძოლა უნდა იყოს და არა მარტო ახალგაზრდების. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა ახალგაზრდებმაც და უფროსი თაობის წარმომადგენლებმაც კარგად იციან, რომ ყველა ბრძოლა, მისი შედეგით ფასდება და შედეგის მიხედვით შედის ისტორიაში.
1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ახალგაზრდების თავგანწირვით და იქ
დგომით, მე და ჩემი თაობა მხოლოდ იმიტომ ვამაყობთ, რომ ამ თავგანწირვის შედეგად დაწყებული ეროვნული დაუმორჩილებლობით საბჭოთა იმპერიასთან, 1990 წელს,
ხელისუფლებაში, რუსული კომუნისტური რეჟიმის ნაცვლად, ეროვნული ძალები და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, რამაც საქართველოს
თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა.
ეს, რომ ასე არ მოხდარიყო და ამხელა შედეგი არ დაგვედო, 9 აპრილს დაღვრილი სისხლი და თავგანწირვა, ქვეყნის ისტორიისთვის და დღევანდელი გადმოსახედიდან,
შეიძლება სრულიად გაუმართლებელი ყოფილიყო… და სიამაყის ნაცვლად, სინანულის გრძნობა გაგვჩენოდა, უაზროდ დაღვრილი სისხლის გამო.
სისხლი და ომი ღმერთმა გავშოროს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ
ისტორია გამარჯვებულებს არ ასამართლებს, მაგრამ დაუნდობელია
დამარცხებულების მიმართ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც ყველამ სიმართლისთვის უნდა ვიბრძოლოთ და სიმართლე ვილაპარაკოთ.