კობახიძის გზავნილი თავიანთი სისტემის მოსამართლეების დამშვიდების მცდელობაა – ბოკერია

“ეს გზავნილი რეალურად არის მცდელობა, რომ დაამშვიდონ თავიანთი სისტემის მოსამართლეები, რომ ჩვენ თქვენ დაგიცავთ და არ გავუტარებთ არავის, ამერიკასაც არ გავუტარებთ თუ რამე სახით შედეგებს მოიმკით თქვენი სამარცხვინო საქმიანობისთვის” – ასე შეააფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს და აშშ-ს საელჩოს ეხებოდა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაშა ჩხიკვაძე, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. მისი თქმით, “რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული”.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით კი, “სისხლის სამართლის დანაშაული არის პოლიტიკური დაკვეთით ნებისმიერი ადამიანის დევნა, ანუ რასაც პოლიტიკურად სჩადის ივანიშვილის მთელი რეჟიმი და კობახიძე რასაც წარმოადგენს თვითონ პერსონალურად”. მანვე აღნიშნა, რომ რეალურად, ქართული ოცნება არათუ “თავისი სისტემის მოსამართლეებს”, არამედ, საკუთარ თავსაც ვერ დაიცავს.

“თვითონაც აფეთქდებიან ამ კურსით, რა კურსზეც დგამენ, ოღონდ ამასობაში ჩვენს ქვეყანას უმძიმეს დარტყმას აყენებენ, სანამ ძალაუფლებაშია ივანიშვილი, კობახიძე და მთელი მისი გარემოცვა” – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ფიტავს პუტინის ომის მანქანას – ლაიენი
შემდეგი სტატიაუკრაინაზე თავდასხმა პროგნოზირებადი შეჭრა იყო, აგრესია რუსეთის ხელწერაა – სტოლტენბერგი