კობახიძე: უსამართლო კრიტიკა არის უსამართლო კრიტიკა, არგუმენტირებული შეკითხვა არის არგუმენტირებული შეკითხვა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად

უსამართლო კრიტიკა არის უსამართლო კრიტიკა, არგუმენტირებული შეკითხვა არის არგუმენტირებული შეკითხვა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამერიკის ელჩის მიმართ არც ერთი თავდასხმა არ ყოფილა რომელიმე ქართველი თანამდებობის პირის მხრიდან.

„რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას ერთი რამ: თქვენ ვერ გამახსენებთ, შეგიძლიათ, ახლავე იმსჯელოთ და შემახსენოთ, ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. საუბარი არ მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე. ჩვენ დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე. პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა. ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის, მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, ჩვენ რამდენად შეგვიძლია, ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ეს საკითხები ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. როდესაც ეს კითხვები ისმება, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები. როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია, პასუხის მარტივად გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა, როდესაც შეკითხვები ისმება. აქ შეიძლება, მარტივად გაეცეს პასუხები ამ შეკითხვებზე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. თუმცა, პრობლემა რა არის – როდესაც ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, ეს ეხება იგივე მოსამართლის თემას, ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება შეკითხვას მაგალითად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა ისმება იმაზე, თუ რამდენად შეხვდა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც ბუნებრივია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პასუხის მოსმენა, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კითხვებზე პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთი შესაბამისი განცხადება ვერ შეფასდება თავდასხმად.

„არის გარკვეული შეკითხვები, რომლებიც ისმება არა ჩვენი მხრიდან. ჩვენ არ ვართ არასდროს ამის ინიციატორები. არის მოსამართლე, არის პარლამენტარი, ისინი სვამენ შეკითხვებს და როდესაც ეს შეკითხვები უკვე ხდება საზოგადოების დისკუსიის ნაწილი, ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთი შესაბამისი განცხადება, ბუნებრივია, ვერ შეფასდება თავდასხმად. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, უცხოელი პოლიტიკოსების კრიტიკა, უსამართლოც, უნდა შეფასდეს, როგორც კრიტიკა და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვებიც კი ფასდება, როგორც თავდასხმა, რაც არ არის სამართლიანი. არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და ამავდროულად, არ შეიძლება არგუმენტირებულ შეკითხვები დავარქვათ თავდასხმა. აქ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი. უსამართლო კრიტიკა არის უსამართლო კრიტიკა და არგუმენტირებული შეკითხვა არის არგუმენტირებული შეკითხვა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით, უკრაინის ხელისუფლებისგან არის პირდაპირ გამოხატული სურვილი, რომ საქართველი გახდეს მეორე ფრონტი, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“