დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანება არ აღენიშნებათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2019 20:30

დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანება არ აღენიშნებათ

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებული 30 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 27 სამართალდამცველი, ერთი ჟურნალისტი და აქციის ორი მონაწილე.

როგორც ჭონიაშვილი აცხადებს, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანება არ აღენიშნებათ. ძირითადი ნაწილი დღეს გაეწერება, დაკვირვება რამდენიმე პაციენტზე გაგრძელდება. ქირურგიული ჩარევა არც ერთ პაციენტს სჭირდება. სულ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 30 დაშავებულია მოთავსებული, მათ შორის, 27 სამართალდამცველი, ერთი ჟურნალისტი და ორი აქციის მონაწილე“,- განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2019 20:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,774
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics