კლანური ომი „ოცნებაში“ – ღარიბაშვილი პოზიციებს იმაგრებს

ის, რომ ნათია თურნავა გადააყენეს, არეავის გაჰკვირვებია – ეკონომიკის მინისტრის მოხსნაზე ხმები ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. სხვათა შორის, სამი წლის წინ, როცა თურნავამ ეს თანამდებობა დაიკავა, კულუარებში ითქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ყველა მთავრობა გამოვლილი თურნავას მინისტრობა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ეს გაადწყვეტილება გაცილებით მაღალ დონეზე იქნა მიღებული, ანუ როგორც მაშინ კონფიდენციალური წყაროები ამბოდნენ, თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა ვანო ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა.
ცნობილია, რომ თურნავა იმთავითვე ჩხარტიშვილის კადრია და ყველა მთავრობაში – შევარდნაძის, სააკაშვილის და „ოცნების“ დროსაც ზემდგომ ეშელონებში სწორედ ჩხარტიშვილის ინტერესებს ატარებდა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჩხარტიშვილს ღარიბაშვილთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. უფრო მეტიც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, პირველი პრემიერობის დროს, ღარიბაშვილსა და გავლენიან ბიზნესმენს შორის სერიოზული ჩხუბიც კი მოხდა.
დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს მოარული ინფორმაციები მართალია თუ არა, მაგრამ თურნავას გადაყენებამ დაადასტურა, რომ ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტიდან მოიშორა.
უშლიდა თუ არა თურნავა ღარიბაშვილს რამეში ხელს? – ამაზე დეტალური ცნობები არ არსებობს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ის უწყებაა, სადაც თავმოყრილია თითქმის მთელი სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესი. შესაბამისად, თურნავა, როგორც მინისტრი, ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო.

ახლა, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ „ჩხარტიშვილის კადრების მოცილება“ პოლიტიკური მითია და მეტი არაფერი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგივე პრემიერი ბოლო დროს ხშირად ამბობდა, ჩვენი ეკონომიკა დუღსო. თუ ეკონომიკა დუღდა, ეკონომიკის „დიასახლისი“ რატომ მოხსნეს? ერთი „ფეისბუქმომხმარებლის“ ხუმრობისა არ იყოს, ადუღებულ ეკონომიკას თურნავა, ალბათ, იმიტომ მოაცილეს, რომ „დუღლისგან“ ეკონომიკა „დაშრა“.

ხუმრობა იქით იყოს და, ფაქტები მოწმობს, რომ „ოცნებაში“ შიდა კლანური ომი კულმინაციას უახოვდება. ამას ისიც ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებები მარტო თურნავას გადაყენებით არ დასრულდება და ღარიბაშვილი მალე თანამდებობებს შს მინისტრსა და სუს-ის უფროსსაც დაატოვებინებს.
როგორც წყაროები ამბობენ, ძალოვანებში ცვლილებები ამ კვირის ბოლოს, ან მაქსიმუმ, იმ კვირის დასაწყისში განხორციელდება.

სხვათა შორის, თავის დროზე ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ივანიშვილი ღარიბაშვილს გადააყენებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოსაზრება ჩვეულებრივი „ფეიკი“ იყო. ინფორმაცია ღარიბაშვილის გადაყენების შესახებ “ფეიკი” ნამდვილად იყო  და “თაიმერი” ამის შესახებ კიდევაც წერდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, ღარიბაშვილს კი არ უშვებენ, არამედ, ის საკუთარ პოზიციებს იმყარებს, ანუ იგივე ეკონომიკის ახალი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რომელიც აქამდე სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელი იყო, პრემიერის გუნდის წევრია.
ისე, თავის დროზე ნათია თურნავა ჟურნალისტებს ეუბნებოდა, ახალი წელი მოვა, მე ისევ მინისტრი ვიქნები და თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, აი, თურნავას ხსნიან, ბოდიშის მოხდა მოგიწევთო. ჰოდა, ახლა საინტერესოა, თურნავა ისევ ჟურნალისტებისგან ითხოვს ბოდიშს თუ თავად მოიხდის?

რაც შეეხება შს მინისტრისა და სუს-ის უფრორსის შესაძლო გადაყენებას, თუ ეს გავრცელებული ინფორმაცია გამართლდა, მაშინ გამოვა, რომ მმართველ გუნდში საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე გარედან ჩანს, ანუ ცნობილია, რომ ვახტანგ გომელაური თავიდან ბოლომდე ივანიშვილის კადრია. ასევეა, გიორგი ლილუაშვილიც. შესაბამისად, არსებობს ორი ვერსია – მათი მოხსნის გადაწყვეტილება ან თავად ივანიშვილმა მიიღო, ან ღარიბაშვილი დამოუკიდებელ თამაშს იწყებს და თვით არაფორმალურ მმართველსაც კი იწვევს „დუელში“.

სხვათა შორის, ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ივანიშვილის კადრებისგან გაწმენდა ეკატერინე ტიკარაძის მოხსნით დაიწყო. მართალია, მაშინ ტიკარაძემ ტქვა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს საკუთარი ნებით ვტოვებ და გუნდში ვრჩებიო, მაგრამ მოგვიანებით, მან ისიც აღიარა, რომ კოვიდსიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი კლინიკების შიდა ინფექციებია, რასაც ხელისუფლება ადრე არ ადასტურებდა…

ზოგადად, ჩანს, რომ „ოცნებაში“ სიტუაცია აჭრილია. ასევე, აჭრილია სიტუაცია ოპოზიციაში, უფრო სწორად, ენმ-ში, ანუ ძველი „ნაციონალები“ ნიკა მელიას უკვე ღიად უპირისპირდებიან. მაია ორჯონკიძეზე რომ აღარფერი ვთქვათ, სოციალურ ქსელში ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილი მელიას, მინიმუმ, აშაყირებს. ეს ვითარება ხელსაყრელი, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდისთვის არის, რადგან დასუსტებული ენმ ხელს ყველაზე მეტად მას აძლევს, თუმცა მიშას პარტიის პოზიციების შესუსტება ოპოზიციისთვისაც კარგია იმიტომ, რომ ოპოზიციში ბევრს აქვს კომპლექსი, აი, მიშას ქოლგის ქვეშ ვართო.

ავტორი: ირაკლი ბიძინაშვილი
თაიმერი

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაიმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები რეკორდულად გაიზარდა