ხვიჩია – შესაძლოა, ცოტა სასაცილოც იყოს ჩვენი ხელისუფლების გემოვნების მიხედვით დროშების დაზიანების აკრძალვა

ეს ნორმები სრულიად ზედმეტია, თან გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა, ცოტა სასაცილოც იყოს ჩვენი ხელისუფლების გემოვნების მიხედვით დროშების დაზიანების აკრძალვა , – ასე შეაფასა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები წესდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ღირებულებების დაცვა ასე არ ხდება.

„იმ ქმედების გამო, რის გამოც ჩვენ ცვლილება შეგვაქვს ახლა კანონმდებლობაში, ადამიანის დასჯა დღესაც არის შესაძლებელი. დროშა არის სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო ქონების დაზიანება ასევე არ შეიძლება და სამართალდარღვევაა, ოღონდ იმ საფუძვლით, რომ ქონებაა დაზიანებული. დღევანდელი ცვლილებით, ცვლილების ინიციატორები ამბობენ, რომ უნდა დავსაჯოთ დროშის ჩამომხევი, როგორც საკრალური ნივთის ჩამომხევი, თან ვაკეთებთ გამონაკლისებს, რომელიც მოგვწონს. სინამდვილეში, ეროვნული ღირებულებების დაცვა ასე არ ხდება, რომ დროშებს დავიცავთ, არ ჩამოვახევინებთ ხალხს. ჩემი აზრით, საკმარისი ნორმები არსებობს ვინმეს დასჯა თუ გვინდა. ეს ნორმები სრულიად ზედმეტია, თან გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა ცოტა სასაცილოც იყოს ჩვენი ხელისუფლების გემოვნების მიხედვით დროშების დაზიანების აკრძალვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნება“ დატოვა