ყველამ თვალნათლივ დაინახა ის სიკეთე, რასაც ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს

ორივე შემთხვევა თვალნათელი მაგალითია იმისა, რომ ეს დაავადება ყოველთვის მძიმედ არ მიდის, მაგრამ ის ფაქტორი, რომ ვირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, ეპიდემიის გავრცელებასთან საბრძოლველად ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის– ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„80 პროცენტი შეიძლება მსუბუქად, სუბკლინიკურად და უსიმპტომოდაც კი მიდიოდეს. ეს ამ ეპიდემიის გავრცელებასთან საბრძოლველად ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან რა მექანიზმები გვაქვს უსიმპტომო და თუნდაც, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები შევაკავოთ? ამას ძალიან ბევრი მეკითხება, მაგრამ უნივერსალური რეცეპტი არ არის. ზამთრის პერიოდია და შეიძლება, ათეულ ათასობით ადამიანს ჰქონდეს მწვავე რესპირაციული ინფექციების მცირე სიმპტომები – ერთი-ორჯერ წამოახველოს, ყელი ეტკინოს, ტემპერატურა ჰქონდეს 37 ან 37.1 და რა ვქნათ ახლა, ყველას ხომ ვერ გავწვდებით, რომ ყველა კლინიკაში მოვიყვანოთ, ჩავუტაროთ გამოკვლევები და თუნდაც, ის სპეციფიკური ტესტები, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია აკეთებს?“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველამ თვალნათლივ დაინახა ის სიკეთე, რასაც ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს, რომელსაც ბევრი არაკეთილმოსურნე ეჭვქვეშ აყენებდა.

„საქართველო იყო მსოფლიოში მეხუთე თუ მეექვსე ქვეყანა, რომელმაც ამ ტესტების კეთება დაიწყო. ამ ლაბორატორიის მიერ ფაქტობრივად, უსიმპტომო პაციენტებთან ეს გამოკვლევა რომ არ ჩატარებულიყო, მათ არავინ დააკავებდა, როგორც პაციენტებს; ისინი წავიდოდნენ, საზოგადოებაში გავიდოდნენ და თითოეულ მათგანს შეეძლო, ათი, ოცი, ოცდაათი, ორმოცი ადამიანი დაესნებოვნებინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საქართველოს საელჩოში უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიადავით ნანობაშვილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგანაც შევიკავოთ თავი