ყველამ იცოდა, რომ ერაყში ქიმიური იარაღი არ იყო – ჟოზე ბუსტანი

ერაყის ომის ყოველ წლისთავზე ჟოზე ბუსტანი თავს უხერხულად გრძნობს. ომის დაწყებიდან 15 წლის მერეც ის დარწმუნებულია, რომ მას ომის თავიდან აცილება შეეძლო, და ამბობს, რომ “ეს იყო უაზრო შეჭრა უსაშინლესი შედეგებით”.
ბუსტანი, რომელიც ახლა 72 წლისაა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე იყო, რომელიც 1997 წელს შეიქმნა ქიმიური იარაღის აკრძალვისა და მარაგის ლიკვიდაციის კონტროლისთვის.
მისი მეორე ვადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე 2002 წელს მოულოდნელად შეწყდა, როცა აშშ-ს მიერ წამოყენებულ წინადადებას თავმჯდომარის გადაყენებაზე, მხარი გაეროს 48 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, 43-მა კი თავი შეიკავა. ამასთანავე, ჟოზე ბუსტანი პოსტზე ხელახლად ერთი წლით ადრე იყო არჩეული.

ბუსტანის გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად ამერიკის მთავრობა ასახელებდა “არაეფექტურ მენეჯმენტს” და თითქოსდა, მის “კონფრონტაციულ მოქმედებებს”. ამასთანავე, ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა ბრაზილიელის მცდელობებს ბაღდადთან შეთანხმებაზე, რომ ერაყი ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას შეერთებოდა, ასევე, ეწინააღმდეგებოდა ერაყში ინსპექტორების გაგზავნას.

მოლაპარაკებების მოთხოვნების თანახმად, სადამ ჰუსეინის რეჟიმი ვალდებული იყო თავის შეიარაღებაზე ინფორმაცია მიეწოდებინა, დათანხმებოდა საერთაშორისო ინსპექციას და ასევე, გაენადგურებინა ქიმიური იარაღი. “ერაყიც და ლიბიაც თანახმა იყვნენ შეთანხმებას შეერთებოდნენ, ინსპექცია კი უკვე 2002 წლის ნოემბერში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამერიკელები განრისხებულები იყვნენ” – თქვა ჟოზე ბუსტანიმ “ბიბისისთან” საუბარში.

“ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები ერაყში რომ გაეშვათ, ისინი იქ ვერანაირ ქიმიურ იარაღს ვერ იპოვიდნენ, აშშ-ს ერაყში შეჭრა კი საფუძველს მოკლებული იქნებოდა. ამერიკელებს კი უნდოდათ ერაყში შესვლა, ინსპეციის ჩატარება მისი ინტერესების წინააღმდეგ იყო” – ამბობს ბრაზილიელი.
შედეგად, ამერიკისა და ბრიტანეთის მთავრობებმა ჰუსეინის რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის ქონაში დაადანაშაულეს და ეს გამოიყენეს მთავარ არგუმენტად 2003 წელს, როცა ერაყში შეიჭრნენ.

გამოძიებამ, რომელიც შემდეგ ჩატარდა აშშ-სა და ბრიტანეთში, აჩვენა, რომ ეს ბრალდებები მცდარი იყო.
ჟოზე ბუსტანი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე იყო, რომელიც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად დაითხოვეს თანამდებობიდან. ბრაზილიელმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა, რომელმაც 2003 წელს დაადასტურა, რომ მისი გადაყენება უკანონი იყო. თუმცა, ამ დროისათვის ამერიკელები უკვე ერაყში იყვნენ.

ფაქტობრივად, ორი თვით ადრე, ბუში ცნობილი სიტყვით გამოვიდა “მისია შესრულებულია” და განაცხადა ძირითადი საომარი ოპერაციის დასრულებაზე. ძალიან მალე ერაყში სამოქალაქო კონფლიქტი დაიწყო, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

“დიახ, ისტორიამ დამსაჯა. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ არა ეს შეჭრა და შეიძლება, არც არასდროს ყოფილიყო “ისლამური სახელმწიფო”. სინანულის გრძნობა არ მტოვებს, მე ხომ შემეძლო რაღაცის გაკეთება, შემეძლო ეს ყველაფრი არ ყოფილიყო” – ბუსტანი ამბობს. მან თანამდებობიდან უკანონოდ დათხოვნის გამო ფინანსური კომპენსაცია მიიღო – ყველა თანხა ორგანიზაციას გადასცა.

მიმდინარე წელი ბუსტანისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო – აშშ-ს გაეროში მუდმივი წარმომადგენელი და ერაყში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მომხრე ჯონ ბოლტონი ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა. “ბოლტონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს გადაყენებაში. ერთხელ ის ჩემს კაბინეტში შემოვიდა და გადადგომა მომთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიტყვებით, “შედეგებზე” მე ვიყავი პასუხისმგებელი. ასევე, მან ახსენა, რომ ჩემი შვილები აშშ-ში სწავლობენ. მე უარი ვთქვი გადადგომაზე და მათ შუამდგომლობა დააყენეს ჩემს გადაყენებაზე” – თქვა ბუსტალმა.

2013 წელს, როცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში, New York Times-თან ინტერვიუში ბოლტონმა განაცხადა, რომ ბრაზილიელმა თანამდებობა თავისი არაკომპეტენტურობის გამო დატოვა.
გაზეთმა Times-მა, თავის მხრივ, რამდენიმე დიპოლომატის ნათქვამი მოიყვანა, რომ ბოლტონი და მისი გარემოცვა, რომელსაც ბუსტანის გადაყენება უნდოდა, ავრცელებდნენ დოკუმენტებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბრაზილიელმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და უარი თქვა აშშ-ს და სხვა ქვეყნებთან კონსულტაციაზე.
ბუსტანის თქმით, ორგანიზაციიდან მისი გაშვების გამო მას არც ერთი ქვეყნიდან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ბოდიში არ მიუღია, გარდა ამისა, როცა ორგანიზაციამ ნობელის პრემია მიიღო, ის დაჯილდოვებაზე არ მიუწვევიათ.
ჟოზე ბუსტალი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის შემდეგ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ელჩი იყო. 2015 წლიდან კი ის პენსიაზეა.

სპეციალურად “თაიმერისთვის” “ბიბისის” მიხედვით მოამზადა
ეკატერინე ლემონჯავამ

banner
წინა სტატიაში​მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს შეხვდა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: “კანონპროექტის ძირითადი მიზანი როგორც სკოლებში ისე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებაა