ხუხაშვილი: ეს იყო პირველი სერია – არ ვიცი რომელში, მაგრამ რომელიღაცა სერიაში უნდა ველოდოთ მისი მხრიდან სერიოზულ დარტყმებს ხელისუფლების მისამართით

რაც ვნახეთ, ეს არის პირველი სერია, არ ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება. სააკაშვილის ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანაც არის, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სასამართლო სხდომაზე.

მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტს შესაძლოა კონკრეტული გეგმა ჰქონდეს გაწერილი და ხუხაშვილის შეფასებით, დიდი ალბათობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში აკადემიური გამოჩენილიყო.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სააკაშვილი ცდილობს გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვოს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი პრეზიდენტი „მონსტრად“ დაუხატა.

„ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მოუხდა გახდომა. როდესაც ადამიანი ერთი საათი ფეხზე დგას და შეუძლია მწყობრად მეტყველება, ეს გასაგებია. პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია მობილიზება ექსტრემალურ ვითარებაში. ვიზუალური აღქმა შეიძლება იყოს სუბიექტური გარკვეულწილად. ვიცნობ პოლიტიკოსებს, რომელიც შეიძლება კვდებოდეს, მაგრამ პოლიტიკურად რაღაც რომ აქვს სათქმელი, ისე წამოხტეს და გაცოცხლდეს, რომ ძალიან გაგიკვირდეთ. სააკაშვილი, რომ პოლიტიკური ცხოველია, აქ ორი აზრი არ არსებობს.

რაც შეეხება მის გამოსვლას, მას აქვს გარკვეული გეგმა. მისი დღევანდელი გამოსვლა იყო დაბალ რეგისტრში, ეს არ იყო ის მიშა სააკაშვილი, რომელსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, ანუ მუდმივად მიმტევი, აგრესიული და ა.შ. ეს შეიძლება გარკვეულწილად ავადმყოფობის შედეგიც არის, მაგრამ გარდა ამისა, პოლიტიკური გათვლა აქვს. მას არ ჰქონდა ობსტრუქცია ამოცანა, რადგან ის შესულია გრძელვადიან თამაშში. შესაბამისად, ყველა კოზირის მაგიდაზე გადმოლაგება დღეს არ უნდა. ის უფრო საუბრობდა ისტორიულ ჭრილში, წარსულზე, თავის დამსახურებებზე და ა.შ. რამაც შეიძლება ბევრი გააღიზიანა, მაგრამ ის ამას საუბრობდა უცხოეთისთვის. მას ესმის, რომ დღეს ყველა მისი სიტყვა იქნებოდა ციტირებული, მათ შორის უცხოურ პრესაში და ცდილობდა, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად აკადემიური. დღევანდელი მისი ამოცანა იყო აკადემიურობის შენარჩუნება, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ ასე არ გაგრძელდება. მე ვსაუბრობ მისი რიტორიკის აკადემიურობაზე, – არა შემტევი, არა ბრალმდებელი, ის ხომ მიჩვეული არის, რომ ყოველთვის იქით არის ბრალმდებელი, უფრო წარსულის პრიზმაში საკუთარი როლის წარმოჩინებაზე იყო ორიენტირებული და ეს უფრო მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისკენ იყო მიმართული.

რაც ვნახეთ, ეს არის პირველი სერია, არ ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება. მისი ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანაც არის, რომ ხელისუფლება ცოტა მოეშვას ახლა, ამ პარანოიის შემდეგ, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა, არც ისე საშიშია. ის ადამიანებიც, ვისაც მიშათი აშინებდნენ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა არიან ადამიანები, ვინც დაარწმუნა ხელისუფლებამ, რომ მიშა თუ ჩამოვა, ქუჩაში დაიწყებს სირბილს და ყველას თავებს დაგვაჭრის. ამ ადამიანების განწყობაზეც ასე იმოქმედა, რომ არც ისეთი საშიშია მიშა.

არ ვიცი რომელ სერიაში, მაგრამ რომელიღაცა სერიაში ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ დარტყმებს მისი მხრიდან ხელისუფლების მისამართით. მისი ამოცანა დღეს არ იყო იმ ტიპის ესკალაციაში შესვლა, რითაც ხელისუფლებას გაუჩნდებოდა იმის საფუძველი, რომ შემდგომ სხდომებზე ის არ მიეყვანათ. შესაბამისად, მან საშუალოვადიანი გეგმა აიღო, მან იცის, როდის უნდა გააკეთოს, ის რაც უნდა გააკეთოს და მანამდე ის იქნება ასეთი აკადემიური. შიეძლება რაღაც პროცესის ინიცირება მოხდეს შიგნით და გარეთ. მომეჩვენა, რომ მას აქვს გეგმა და მისი დღევანდელი აკადემიურობა იყო ამ გეგმის ნაწილი. ეს რაღაც ერთობლივ გეგმაში უნდა გადავიდეს, რომ სინერგია გაჩნდეს. ვფიქრობ, რომ ამ გეგმის ნაწილია პოლიტიკური მოძრაობა. ის შეეცდება მისი ეს პორტრეტი, რაც ხელისუფლებამ დახატა, რომ ის არის მონსტრი, ქუჩაში დასდევდა ვიღაცებს და თავებს აცლიდა, ამ პორტრეტის ნიველირება მოახდინოს იმისათვის, რომ საზოგადოებაში მისდამი აგრესია ცოტათი მოადუნოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: მისი შეფასება იყო – როგორც ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა და ეს თითქოს ისე მოინათლა, კიდევ უფრო უკეთესი რატომ არ გაკეთდაო
შემდეგი სტატია“აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს” | სახდეპი