კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩემი კომენტარია – როგორც იქნა. როგორც იქნა, გამოსწორდა უსამართლობა, მაგრამ ბრძოლა დასრულებული ჯერ არაა, – ამის შესახებ ხორვატიის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომოგოი ჰაიდუგოვიჩმა განაცხადა.
დომოგოი ჰაიდუგოვიჩი იმედოვნებს, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ამ რეკომენდაციის შემდეგ საბჭომ დაადასტუროს გადაწყვეტილება. ჩვენ ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით, მივწერე საბჭოს პრეზიდენტს, ჩვენმა დელეგაციამ შესწორებებიც წარადგინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების (კოზაკი) ფორმატისთვის რეკომენდაციებისა და რეზოლუციისთვის.
ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს და იმედი გვაქვს, დეკემბერში შეგვეძლება ერთად აღნიშვნა. ასე რომ ჩემი კომენტარია, როგორც იქნა სამართლიანობისთვის. უსამართლო იყო საქართველოს დატოვება პროცესებს მიღმა, ეს გამოსწორდა და მინდა, მივულოცო ქართველებს, ამასთანავე, ვუთხრა – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ძალიან გრძელ მოგზაურობაში. უკრაინასთან და მოლდოვასთან, რომლებთანაც ალბათ გაფართოების მოლაპარაკებები დაიწყება, მეორე ნაბიჯია იმ ათასობით ნაბიჯს შორის, რომელსაც ეს მოგაზურობა მოითხოვს. ასე რომ, იყავით მომთმენი, მაგრამ ასევე იცოდეთ, რომ მეგობრები გყავთ ევროპაში, ხორვატიის ჩათვლით, რომლებიც მხარს გიჭერენ და გეხმარებიან ამ გზაზე. მარტოები არ ხართ. ვიმედოვნებ, ხორვატიის საპარლამენტო პლატფორმა ერთიანი იქნება საქართველოს მხარდასაჭერად. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრი. მთავარი შეკითხვა არაა, იქნებით თუ არა, არამედ როდის იქნებით“, – განაცხადა დომოგოი ჰაიდუგოვიჩმა.