ხმალაძე – ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა

gulis eleqsiri

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც აქციას მართავენ, კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„მათი მოთხოვნები მხოლოდ ხელფასის მატებას არ უკავშირდებოდა. მათი მოთხოვნა ეხებოდა ასევე უნიფორმებს, სპეცტექნიკის განახლებას, სამსახურში დასწრების და მუშაობის საათობრივ რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე მიღებული გვაქვს. კერძოდ, გასული წლის დეკემბრიდან, მოხდა მათი ხელფასების 20%-იანი ზრდა, უნიფორმები შეძენილია, გარკვეული ტექნიკა უკვე განახლებულია, გარკვეული ნაწილის განახლებაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ სესხი გამოყოფილია და ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით, რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი უნდა გამოცხადდეს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა თითოეულ მოთხოვნაზე შედეგებისა და მოქმედებების კუთხით, სამსახურს წინასწარვე ჰქონდა გაცემული პასუხი, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები უკანონოდ გაიფიცნენ.

„ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ძალიან კარგად ვიცით, სად რა მდგომარეობა გვაქვს ტექნიკის განახლების კუთხით. მე პირადად ვთვლი, რომ ამაზე შეხსენება არ გვჭირდება, ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, ისევე, როგორც თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათ პრეტენზიაზე შედეგებისა და მოქმედებების კუთხით, სამსახურს წინასწარვე ჰქონდა გაცემული პასუხი, მაინც ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას. ხაზი მინდა გავუსვამ, რომ ეს იყო უკანონო გაფიცვა, იმიტომ, რომ გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვა ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. უფრო მეტიც, ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა – გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მუშაობას ძალიან მალე განაახლებენ.

„ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მცდელობა სამსახურის მხრიდან, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებით, „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობა განახლდეს. პროცესი აუცილებლად გვექნება ყურადღების ქვეშ. იმედს ვიტოვებ, რომ ადამიანების ის ჯგუფი, რომელმაც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ, უკანონო აქტის პროვოცირება მოახდინა, მალე მოეგებიან გონს და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

წინა სტატიაშიცერცვაძე: ამდენი შემთხვევის ასეთი მართვა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო
შემდეგი სტატიაISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი: გამოიკვეთა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/ზეწოლის ტენდენცია, ძირითადად, რეგიონებში