“ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ მძიმე სიძულვილის ენის გამოვლინებას ოპოზიციის მიმართ”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები.

„ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მძიმე და მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, რომ საარჩევნო ვითარება უნდა იყოს თავისუფალი და არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მსახურების მიერ ძალიან მძიმე სიძულვილის ენის გამოვლინებას, რომლითაც ისინი იხსენიებენ ოპოზიციას. ისინი უწოდებენ ოპოზიციას „რადიკალურს ოპოზიციას“, „კრიმინალურ ოპოზიციას“ და მათ შორის, პარლამენტის ყველაზე მაღალ ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ერიდება „ძველ ბიჭურ“ გარჩევებს ზუსტად ოპოზიციის მიმართულებით.

ეს არის პირველ რიგში ნამდვილად სიძულვილისა და დაპირისპირების ენის გარემოება, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციას და ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას. ხელისუფლებისთვის უკვე აშკარაა, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ აინტერესებთ. ესენი არ ესაუბრებიან საქართველოს მოსახლეობას, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ესაუბრებიან ბიძინა ივანიშვილსა და ამ მძიმე სიძულვილის ენასაც ზუსტად მის გასაგონად იყენებენ ოპოზიციის მიმართულებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთის კლინიკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“პასუხი მარტივია – კრიმინალებს იმიტომ ვუწოდებთ, რომ კრიმინალები არიან”