ხელისუფლებას საარჩევნო საკითხებზე არავითარი დიალოგი არ უნდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2020 14:22

ხელისუფლებას საარჩევნო საკითხებზე არავითარი დიალოგი არ უნდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო საკითხებზე არავითარი დიალოგი არ უნდა. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, მმართველი პარტიის ყველა წინადადება იყო დიალოგის იმიტაცია.

„ხელისუფლებას არავითარი დიალოგი არ უნდა. ყველა მათი წინადადება იყო დიალოგის იმიტაცია და შეგნებულად გვთავაზობდნენ ისეთ ვარიანტებს, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა და შემდეგ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება მომხდარიყო ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. უმკაცრესი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ნაცად ხერხს მიმართოს, რაც არის სიცრუე, ორპირობა, მოტყუება, თვალის ახვევა. თურმე, დიალოგისკენ ახლა მოგვიწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს. ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ველიდან პოლიტიკურ სანაგვეში მოუწევს წასვლა.

„ქართულ ოცნებას“ არავითარი ცვლილებები და დიალოგი არ უნდა. ეს არის დროის გაწელვისა და მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის განეიტრალების მცდელობა, რის გამოც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მათი მხრიდან არც ერთი წინადადება არ ყოფილა ისეთი, რაც ოპოზიციისთვის მისაღები ყოფილიყოს. აბსურდულ რამეს გვთავაზობენ, 100/50 იყოს, ოღონდ მთელი ცხოვრება და 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნორმა გავაუქმოთო, რაც კონსტიტუციაში წერია. თან, თქვენი ხელით გავაუქმოთ, ჩვენ პარლამენტში ამისთვის საკმარისი ხმები არ გვყოფნისო. ამას დიალოგზე დაპატიჟებას და კონსტრუქციულ წინადადებას უწოდებენ. ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ხრიკი სიცრუე იყო, თუმცა უკვე ამ სიცრუის არავის სჯერა. მათ ისეთი მოლაპარაკება არ უნდათ, სადაც კომპრომისის საფუძველზე მისაღები იქნებოდა, ორმხრივად საჭირო შედეგი. „ქართული ოცნების“ შემოთავაზება არის უგუნური და არაკონსტრუქციული. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველიდან პოლიტიკურ სანაგვეში მიდის. ამას ყველა ლოგიკა ადასტურებს. ყველა ავტორიტარული რეჟიმი იმ ლოგიკით იცვლება, რაც დღეს არის, ჯერ ზურგს ყველა პარტია აქცევს, შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, შემდეგ მკაცრი საერთაშორისო გაფრთხილებაა, ბოლოს კი ეს პარტია მარცხდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2020 14:22