ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თავის მორჩილ სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს – სააკაშვილის ადვოკატი

ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თავის მორჩილ სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს. მხარეებთან მაინც ელემენტარული, სახის შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს, რომ მოსამართლეები სხდომათა დარბაზში სასაცილოდ არ გამოიყურებოდნენ, -ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ექსპერტების დაშვების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისისთვის გადადო.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ამაზრზენია, თუ რა მდგომარეობაში აგდებს ხელისუფლება მოსამართლეებს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ნინო ჩახნაშვილს.

„მოსამართლე გავიდა სათათბიროდ. უნდა გამოსულიყო 15 წუთში და ვნახეთ ერთ საათიანი შუალედი. ერთი საათის შუალედში მოსამართლე გამოვიდა და ისევ გაუგებარი მიზეზით გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას მიიღეს 16 მაისს. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ არ იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დღეს და შესაბამისად, საერთოდ არ უფრთხილდება მოსამართლის ავტორიტეტს, პრესტიჟს, მხარეთა თვალში ფორმალურად მაინც, ელემენტარული პატივისცემის გამოწვევას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ძალიან აშკარა იყო, რომ მოსამართლე არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა, იმიტომ, რომ მას შუამდგომლობაზე პასუხი 48 საათის განმავლობაში უნდა გაეცა. პასუხი ვერ გაგვცა, ამ შუამდგომლობაზე რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისს და არა, დღეს ან ხვალ. გვითხრა, რომ პროცესი გადადებულია და ის არ აპირებს რაიმე განმარტების გაკეთებას“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

წინა სტატიაშიხერსონის ოლქის პრორუსი ლიდერი ვლადიმერ პუტინს ოლქის ანექსიის თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – ჯანდაცვის მინისტრი