„საარჩევნო კოდექსში“ ძალით მიღებული ცვლილებები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისა და მოქალაქეების მოსაზრებებს არ ისმენს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში 2024 წლის არჩევნებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
„სწორედ ამის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებიც საერთაშორისო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ამიტომ, „საარჩევნო კოდექსში“ ძალით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისა და მოქალაქეების მოსაზრებებს არ ისმენს. მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია. პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი ცვლილებებს 5 მარტს დაადო ვეტო.