ყაზახი გოგოს ოჯახი – ვითხოვთ, გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგონას ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებული მურად მეირბეკოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულის დაუსწრებლად, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

აიპტაევას ოჯახი მოითხოვს, რომ მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირება მოხდეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მეირბეკოვმა ასელი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, გაყიდა და მოკლა.

“მოხარული ვართ, რომ ქართულმა მხარემ მურად მეირბეკოვს ბრალი წარუდგინა, იმედი გვაქვს, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაუპატიურების მუხლი საკმარისი არ არის. მან ჩემი და მოატყუა, გააუპატიურა და მოკლა. გვინდა, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხი აგოს. ის მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა და არ არის გამორიცხული, რომ გაყიდა კიდეც. მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, გაყიდა და მოკლა. ვითხოვთ, რომ ყველა ამ დანაშაულზე აგოს პასუხი, ყაზახეთიდან გამოითხოვოს ქართულმა მხარემ და გაასამართლოს”, – ამბობს ასელ აიტპაევას და.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე მოითხოვენ, რომ საქმეს ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს. პროცედურულად, იუსტიციის სამინისტრომ ყაზახეთის მთავრობას 15 დღეში უნდა მიმართოს მურად მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშისოფელ მოხისის მოსახლეობამ აქცია გამართა
შემდეგი სტატია„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს