ხათუნა სამნიძე: ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებასთან

ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებასთან, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებები, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილების გასაჯაროვებისას განაცხადა.

ხათუნა სამნიძის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” მინისტრები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას მინისტრთა კაბინეტში და თანამდებობებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყეტილების საფუძველზე დატოვებენ.

“სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების ან ანტინატოელების ულტიმატუმების ფონზე.

ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებასთან, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებები.

ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და კურსთან დაკავშირებით”, – განაცხადა სამნიძემ.

მისივე ინფორმაციით, ფრაქცია “რესპუბლიკელები” პარლამენტში იმოქმედებენ პარტიული ინტერესების გათვალისწინებით.

“რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის განმავლობაში პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამის შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით. ფრაქცია “რესპუბლიკელები” იხელმძღვანელებენ პარტიული პრიორიტეტებით გარდა გარკვეული შიდა საკითხებისა, რომელიც შესაძლოა წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.

banner
წინა სტატიაში“ვიდეოს თან ახლდა შემდეგი ადამიანების ანონსი”- რა ვიდეომასალა გაუგზავნეს მაკა რაზმაძეს
შემდეგი სტატიარას აცხადებენ პროკურატურაში ახალ ვიდეოკადრებზე?