კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მ ი მ ა რ თ ვ ა

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის
მ ი მ ა რ თ ვ ა

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია აპროტესეტებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მიმართებაში.
მივიჩნევთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსთვის ერთი წლით სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება უსამართლოდ შეუზღუდა, ვინაიდან:
(1) შეზღუდვის მიზეზი ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული
(2) მიღებული ზომა არაადეკვატურია
(3) მიუღებელია ის დრო, როცა მოხდა შეზღუდვის შესახებ განცხადება
ვთვლით, რომ საბჭოს წევრებზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მოითხოვდა მათგან თითოეული გარემოების უფრო საფუძვლიანად შესწავლას. ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (53-ე და 96-ე მუხლები) ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უკლებლივ ყველა/თითოეული გარემოების/მტკიცებულების/ფაქტის სათანადოდ გამოკვლევის /ურთიერთშეჯერების საუძველზე.
მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლოა ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიზეზად დასახელებული დამაბრკოლებელი გარემოება – უნივერსიტეტის ქონებაზე არსებული ყადაღა – ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროისთვის აღნიშნული ყადაღა სრულად გაუქმებული იყო შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანების საფუძველზე (#025-152).
აღსანიშნავია, რომ კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებელია საკითხის განხილვა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის (სამართლის ერთი სუბიექტის) პოზიციიდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავალიანების უკვე დამტკიცებულ ფაქტად წარმოჩენა, რადგან აღნიშნულ საკითხზე ჯერაც მიმდინარეობს სასამართლო დავა და უცნობია, რომელი მხარის პოზიცია აღმოჩნდება მართებული. თუმცა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხა დავის უნივერსიტეტისთვის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ინკასოს ბრძანებით ვალდებულებების უპრობლემოდ დაფარვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, უნივერსიტეტის უძრავ ქონებას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, უნივერსიტეტს გააჩნია უძრავი ქონება, რემელიც ამჟამად არ გამოიყენება სასწავლო მიზნებისთვის და რომლის ღირებულება გაცილებით აღემატება 700,000 ლარს. შესაბამისად, შესალებელია ეს ქონებაც მიქცეულ იქნას ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ისე, რომ სასწავლო-სამეცნიერო პროცესი არ დაზარალდეს. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის არასტაბილური ფინანური მდგომარეობის შესახებ ყოველგვარი მინიშნება არის უსაფუძვლო.
ასევე, მიგვაჩნია, რომ თუ საბჭომ უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურად მიიჩნია, მაშინ არაადეკვატურია საპასუხო ზომა – ერთი წლით სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების შეზღუდვა, რადგან ასეთ შემთხვევაში ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ ანალოგიური რისკის წინაშე დგანან, ხოლო სტუდენტების ახალი ნაკადის ვერ მიღების გამო მიუღებელი შემოსავალი უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის ფინანსებზე და კიდევ უფრო გაზრდის არსებული სტუდენტების სათანადოდ ვერ მომსახურების რისკს..
ამასთან, სრულიად არადროული იყო საბჭოს გადაწყვეტილების განცხადება მაშინ, როცა აბიტურიენტებს პრაქტიკულად დასრულებული ჰქონდათ უნივერსიტეტების არჩევის პროცესი, გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმე კვირაში ახალი სასწავლო წელი იწყება. უნივერსიტეტს გადაწყვეტილების გასაჩივრების დროც კი არ დარჩა. მიგვეჩნია, რომ ასეთი კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღების დროს საბჭომ უნდა გაითვალისწინოს დროის ფაქტორი.
ერთი წლით ახალი სტუდენტების აყვანის შეზღუდვა კრიტიკული დარტყმაა ქართული უნივერსიტეტებისთვის. განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის. კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები კი საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის ყველაზე სწრაფადგანვითარებად სეგმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების განვითარების შეფერხება უმაღლესი განათლების სექტორის განვითარების შეფერხებას განაპირობებს და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო კომპანიის, “ვებომეტრიქსის” შეფასებით მე-4 ადგილზეა საქართველოში, ხოლო პირველ ადგილზე – კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე ქართული საზოგადოების ფორმირების პროცესში და მნიშვნელოვანი დამსახურება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს წინაშე. ყოველივე ეს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა საბჭოს ვიდრე გამოიტანდა უნივერსიტეტისთვის კრიტიკულ განაჩენს. მითუმეტეს მაშინ, როცა ამავე ცენტრის ექსპერტთა (მათ შორის უცხოელი ექსპერტების) დასკვნა ავტორიზაციის ყველა სტანდარტთან, თუ ქვესტანდარტთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა უნივერსიტეტში არსებული რეალური მოცემულობის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
მივმართავთ თხოვნით სააპელაციო საბჭოს სასწრაფო რეჟიმში სამართლიანად განიხილოს შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჩივარი და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

ასოციაციის პრეზიდენტი
კონსტანტინე თოფურია
2018 წლის 24 აგვისტო

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიამოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს