კაკი ზოიძე „რუსთავის 2“ მიერ გავრცელებული 6 ტყუილის შესახებ

პარლამენტის წევრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, 20-21 ივნისს დაშავებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. აკაკი ზოიძემ ასევე ისაუბრა ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება დაშავებულთა მკურნალობას და აქციის დაშლისას გამოყენებულ შესაძლო არაკანონიერ საშუალებებს და განაცხადა, რომ ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილს.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო, ერთ-ერთი ტელევიზიით და ყველა მიხვდებით, თუ რომელი ტელევიზიით – მიმდინარე სრულ დეზინფორმაციას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტრიალებს დაშავებულთა მდგომარეობაზე სახელმწიფოს როლის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რაც არის დაშავებული ადამიანების, სამართალდამცველების, მოქალაქეების მკურნალობა და ზრუნვა. ყველა იმ ადამიანის, ვინც იმ ტრაგიკულ ღამეს დაშავდა. მე ვიტყოდი, რომ პირდაპირ გებელსისეული დეზინფორმაციაა, რადგანაც მე, რომ ფაქტები არ ვიცოდე, მეც კი აღვშფოთდებოდი და გამოვიდოდი გარეთ.
ტყუილი პირველი – რომ სახელმწიფო არ ზრუნავს დაშავებულებზე და თითქოს ხარჯები მკურნალობის, რომლებიც ამ მოქალაქეებს ჭირდებათ არ ანაზღაურებს. მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ თითოეული მოქალაქის, 240-მდე ადამიანს რომელიც დაშავდა და იქნა სტაციონარში გადაყვანილი, როგორც სტაციონარული ისე, ამბულატორული მკურნალობის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო და თუ რომელიმე მოქალაქეს აქვს რაიმე სახის შეფერხება, შეუძლია დღესვე მიმართოს სამინისტროს და ეს ყველაფერი ანაზღაურდება. ამბულატორულ მკურნალობას ვგულისხმობ.
მეორე – ასევე, საუბარია საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებზე, რომელსაც სრულად ანაზღაურებს ფონდი „ქართუ“ , რათა ოპერატიულად მომხდარიყო ყველა იმ ადამიანის გადაყვანა მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის, ვისაც დასჭირდა. რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის უკვე 3 ადამიანი არის გადაყვანილი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა. ასევე, განმეორებითი ოპერაციისთვის გადაყვანილია 2 სამართალდამცველი, რომელზეც ასევე დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს ანტალიაში დასასვენებლად გაუშვეს სპეცრაზმელები, როგორც ეს ალბათ მათ სტილში იყო. იმიტომ, რომ ადამიანების დასახიჩრებისთვის პრემიებს წერდნენ ხოლმე სპეცრაზმელებისთვის 7 ნოემბერს და 26 მაისს. ეს იყო უზნეობის მწვერვალი და პიკი. ამასვე ცდილობენ, რომ ახლა გადმოაბრალონ ამ ხელისუფლებას. წავიდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთს უმძიმესი 3 ოპერაცია ჩაუტარდება იმიტომ, რომ თურქეთის კლინიკაში დიაგნოსტიკისას აღმოჩნდა, რომ მას ორშაბათს დასჭირდება 3 ოპერაცია ამ კლინიკაში, რათა ქალაშიდა გემატომის დრენირება მოხდეს. მეორე პოლიციელი კარგავს მხედველობას და აუცილებელია ასევე, სასწრაფო ძალიან მაღალკვალიფიციური ქირურგიული ჩარევა, რომ შეუნარჩუნდეს მხედველობა.
ტყუილი მესამე, რომ თითქოს ჩვენი კოლეგების, ექიმების დიაგნოსტიკური საშუალებებით, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიით, დადგენილია, რომ მიბჯენით იყო ნასროლი ერთ-ერთი მოქალაქის თავის ქალაზე. პირდაპირ ვაცხადებთ, ამას ჭირდება სპეციალური ექსპერტიზა, იმისათვის, რომ ეს დადასტურდეს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას ამითი ვერანაირად ვერ მოხდება დადასტურებულად მიბჯენით სროლის გამოცხადება.
ჩვენი ვერც ერთი კოლეგა ვერ იტყოდა, რომ ეს არის დადასტურებული. შესაბამისად, ეს არის ტყუილი. რომც დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზით ეს ფაქტი, მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ის ადამიანი, რომ ასეთი რამე მოხდა.
მეოთხე ტყუილი გახლავთ ის, რომ პაციენტები გადაიყვანეს რეგიონალურ კლინიკაში იმისათვის, რომ მომხდარიყო მათი გადამალვა. ეს, არ ვიცი რა ვთქვა, გებელსისეული ტყუილიც არ არის. სპეციალურად ჩამოყვანილ იქნა ისრაელიდან შესაბამისი, სპეციალიზებული გამოცდილების მქონე სამხედრო ნეიროქირურგი და ნეიროტრამვატოლოგი, რომელთაც ასეთი სახის დაზიანებებში აქვთ უმაღლესი დონის გამოცდილება და კვალიფიკაცია. შესაბამისად, მათთვის რომ მიეცათ მუშაობის საშუალება, კონკრეტულად იმ პაციენტებთან ვისაც სჭირდებოდათ ნეიროქირუგიიული და ნეირო-ტრამვატოლოგიური ჩარევა, ერთ ჰოსპიტალში ქართველი ექიმების გუნდთან უნდა მომხდარიყო მათი ჰარმონიზება, სინქრონიზება სპეციალისტების და სწორედ ამ მიზნით იყვნენ გადაყვანილი.
მეხუთე- თითქოს 3 დღე ოჯახს უმალავდნენ, რომ ერთი პაციენტი იყო დაშავებული. ამ პაციენტის იდენტიფიცირება მეორე დღესვე მხოდა, მეორე დღესვე აჩვენეს ოჯახს და ასე შემდეგ, ტყუილების მთელი კორიანტელი. მე მინდოდა იმის თქმა, რომ ეს ადამიანები არ არიან გაჭირვებაში მიტოვებულები, სახელმწიფო არასდროს არჩევს და არ დაყოფს ადამიანებს სამართალდამცველებად, მოქალაქეებად, პოლიტიკოსებად, მომიტინგეებად, დემონსტარნტებად.
ერთადერთი, რაც შეიძლება სახელმწიფომ დაყოს, არის პროვოკატორები და ყველა დანარჩენი. დღეს 6 ადამიანი რჩება ისეთი, რომლებიც მკურნალობენ ადგილზე. როგორც უკვე ითქვა, ერთი გამოეწერება უკვე ხვალ და იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი სამკურნალოდ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, დინამიკა იქ დადებითია. მე როგორც ექიმს და როგორც ნევროლოგს, დიდი იმედი მაქვს და განსხვავებით გარკვეული წრეებისგან, დიდი სურვილი მაქვს რომ, ყველაფერი კარგად დამთავრდეს ამ ადამიანის შემთხვევაში. არა მგონია ყველას ჰქონდეს ეს სურვილი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. დღეს, ადამიანების ტრაგედიებით მანიპულირება არის ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ძირითადი კოზირი და აი, ეს არის საშინელება.
კიდევ ერთი რა, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ტყუილი ნომერი მეექვსე, რომ თითქოს იქ უკანონოდ გამოიყენეს „დათვის ტყვიები“. პირველი კითხვა რაც მე შს მინისტრს რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით დავუსვი, მივიღე დასაბუთებული პასუხი, რომ ყველა არის ე.წ. არალეტალური ტყვიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი არ იწვევენ დაზიანებას, როდესაც ხდება ისეთ უმართავი პროცესები, როგორიც არის ძალადობა, პარლამენტზე შეტევა და ა.შ. ასე რომ, „უკანონო ტყვიები“, „ცხოველის ტყვიები“, ამაზე პასუხი მე მიღებული მაქვს და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ასევე, დაჯერებით მიიღებს პასუხს, როგორც კი პროკურატურა შეფასებას დაასრულებს იმ დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ტყუილი, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო ეფექტიანია, არის ძალიან მძიმე.
თითოეულ შემთხვევებში როგორ იქნა რეჟიმი დაცული, ამ ტყვიების გამოყენების, ეს არის მხოლოდ პროკურატურის შეფასების საგანი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ეს გამოყენებულ იქნა არა შესაბამისი რეჟიმის დაცვით და არა თავდაცვისათვის საკუთარი სიცოცხლის შიშთან დაკავშირებით, ან თუ რომელიმე მოქალაქეს უშუალო საფრთხე ადგა და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნა რეჟიმი დარღვეული და არა რაღაც დამიზნებით, რომლის კადრებიც ასევე არსებობს, უმკაცრესად უნდა აგოს თითოეულმა პასუხი და მათი ადგილი მართლა გმირი პოლიციელების გვერდზე არ არის. სადისტების ადგილი გმირი პოლიციელების გვერდზე არ არის, არ უნდა მოეცხოს ერთი და ორი უღირსი ადამიანის გამო ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავდადებით იცავდა იმ დღეს ჩვენ მოქალაქეებს.
მე შეიძლება პროტესტის გრძნობა გავიზიარო, ის მოვლენები რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში და ეს არის მიუღებელი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარემ უნდა აიღოს. ნაწილობრივ უკვე აღებულია და მომავალშიც იქნება შესაბამისი რეაგირება, როგორც კი დასრულდება გენერალურ პროკურატურაში შეფასება კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით. თუ გამოჩნდა, რომ სისტემური პრობლემა იყო, რაც თქვა შს მინისტრმა, ის შესაბამის პასუხისმგებლობას აიღებს.
მე მგონი ყველამ ძალიან ნათლად დაინახა და კითხვის ნიშანი აღარავის აქვს, რომ კონსტიტუციურ წყობას დაემუქრა იმ ღამეს საფრთხე, შეტევა იყო პარლამენტზე. არ მგონია, რომ ბატონ მელიას, ბატონ უგულავას, ბატონ მელიას და სხვებს და არ ვიცი, პროვოკატორები იქ მრავლად გახლდნენ, თითოეულის როლი რა არის, ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ იქ, რომ ამ მოთავეებს ის ათასობით ადამიანი პარლამენტის ეზოში შადრევანის სანახავად არ მიჰყავდათ, მგონი ყველამ დაინახა. შესაბამისად, როდესაც შეტევა ხდება კონსტიტუციურ წყობაზე, პარლამენტის შენობაზე, ამ შემთხვევაში, შსს, პოლიცია, სპეცრაზმი ვალდებულია, რომ შესაბამისი ღონისძიებები მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურატურის გამოძიება ძალიან მალე დასრულდეს და ჩვენ საზოგადოებამ გავაგრძელოთ ნორმალურ კალაპოტში ცხოვრება, იმისათვის სამოქალაქო თანხმობისკენ გადადგმული იყოს ის ნაბიჯები, რაც ჩვენი ძირითადი ინიციატივაა.“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ნიკოლაშვილი: “შინ და გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ საათების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე პოლიციას არ უნდა დაეშვა”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ყოველთვის ვამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით