კახაბერ საბანაძე : „ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დანაშაულის ჩამდენი პირი“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ მკვლელობის ცხელ კვალზე გახსნის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა.

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს. ეს მძიმე ტრაგედიაა სრულიად საქართველოსთვის. მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა დანაშაულის ჩამდენი პირი – ინიციალებით ი.ნ. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო, კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე იმ მარშუტის დადგენის საფუძველზე, საიდანაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენს მიერ დეტალურად შესწავლილ იქნა თითოეული ბინა, სადაც აღმოჩნდა სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზემოთ ხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე, სხვა მტკიცებულებებით რომელიც არის საქმეში, ი.ნ. დაკავებულ იქნა სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გრძელდება გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში. დაველოდოთ შედეგებს. აქვე მინდა პირად შემადგენლობას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ეფექტიანი მუშაობის შედეგად კონკრეტული შედეგი დაიდო.“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის სატელიტები“ – ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა „რუსთავი 2“-სა და „კავკასიას“
შემდეგი სტატია“რ2″ საშუალებას აძლვეს, თუ არიან ჩინოვნიკები, ვინც კორუფციაშია, მიჩქმალონ საკუთარი დარღვევები”