კახა მიქაია: „ქართულმა ოცნებამ” თვითლიკვიდაცია დაიწყო

„პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს მიმდინარეობს ღიმილისმომგვრელია. როგორც ვატყობ, „ნაცები“ „ქართული ოცნებიდან“ „ქოცებისა“ და გახარიას მომხრეების გაყრას საბოლოოდ ასრულებენ. რის შემდეგაც, თვითმმართველობის არჩევნებს ისინი „სამართლიანად“ და „მაღალი ევროპული სტანდარტით“ ჩაატარებენ“, – ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას გადადგომას.

მიქაიას თქმით, „ქართული ოცნების“ გახარიას კადრებისგან წმენდა დაწყებულია.

„გიორგი შენგელია გახარიას კადრი იყო. თავის დროზე ზუგდიდის მერად შენგელიას კანდიდატურა გახარიას მოწერელიამ შესთავაზა, როდესაც მოწერელია იყო გუბერნატორი. მოწერელია და შენგელია გახარიას კადრებად ითვლებიან. ახლა, როგორც ვატყობ გახარიას კადრებისგან „ქართული ოცნების“ წმენდა საბოლოოდ დაიწყო“, – თქვა მიქაიამ.

მიქაიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაისაკუთრებს „ქართულ ოცნებას“.

ქართულმა ოცნებამ“ თვითლიკვიდაცია დაიწყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი „ქართული ოცნების“ განადგურება გადაწყვიტა. ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, ე.წ პორტირებული „ნაცები“ რიცხოვნობით ჭარბობდნენ, „ქართულ ოცნებაში“ „ოცნების“ წვერებს. ბოლო წლის განმავლობაში, ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს. ყველა ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იყო და იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, „ქართული ოცნებიდან“ გაყრილი აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაისაკუთრებს „ქართულ ოცნებას“ და ეს იქნება „ნაციონალური ოცნება“, ალბათ სახელსაც შეუცვლიან „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნავს ირონიულად მიქაიამ.

დღეს, 17 მაისს, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია თანამდებობიდან გადადგა.

14 მაისს, კი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა მინდია ბარამიამ და ამავე ცენტრის სპეციალისტმა ხვიჩა დოლბაიამ თანამდებობა დატოვეს.

“თაიმერის” ინფორმაციით, მათი გათავისუფლების მიზეზი გახარიასთან მეგობრობა აღმოჩნდა.

11 მაისს, მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და ფოთის ვიცე-მერი კოტე თოფურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაცია ექსკლუზიურად “თაიმერმა” გაავრცელა.

ავტორი: ნენე ინჯგია

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას – ღარიბაშვილი შეზღუდვებზე
შემდეგი სტატიაგურამ ფალავანდიშვილი – თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ