შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამეგრელოს ეწვია. სადაც ის ყოფილ ძალოვანებსა და „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეხვდა. „თაიმერის“ წყაროს ცნობით, მერაბიშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე.
სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა მხოლოდ საბაბია და მერაბიშვილი სულ სხვა მისიით ჩავიდა სამეგრელოში.
რა მისიას ასრულებს მერაბიშვილი სხვა ნაციონალებთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ამის შესახებ კახა მიქაია „თაიმერს“ ესაუბრება.
კახა მიქაია:
-იმაში არაფერია გასაკვირი, რომ ვანო მერაბიშვილი ფოთში,ზუგდიდში, წალენჯიხაში, ხობში რომ ჩავიდა. ვანო მერაბიშვილის კადრები ახლაც ზუგდიდის პოლიციაში მუშაობენ. ვანო მერაბიშვილის ნასედკებით სავსეა „ქართული ოცნება“. მე არ გამოვრიცხავ, რომ სამეგრელოში მყოფ მერაბიშვილს ფარული შეხვედრები ჰქონდა თავის ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც ახლა მმართველ პარტიაში არიან.
– „ოცნების“ წევრებს თუ შეხვდა, გამოდის რომ ის მარტო ხაბეიშვილის კანდიდატურის მხარდასაჭრად არ ჩასულა სამეგრელოში.
-არა გენაცვალე, რა ხაბეიშვილი. ამ ამბავში ლევამ ხაბეიშვილი გახლავთ მეათეხარისხოვანი.
– თქვენ ფიქრობთ რომ ვანოს სხვა რაღაცისთვის ემზადება?
-ვანო მერაბიშვილი და მისი ე.წ. სასტავი ანუ “ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის გამაგრებით. თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მიშა სააკაშვილის მიმართ. მიშა სააკაშვილი ფაქტიურად დამთავრებულია. კაცი ფიზიკურად და ფსიქიკურად არის დაძაბუნებული, ესენი კიდევ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ატარებენ, ჭამენ ერთმანეთს და ამით ამაგრებენ ბიძინა ივანიშვილს. მეტი რა უნდა გააკეთოს მერაბიშვილმა, ან ნიკა მელიამ? ვერაფერს გააკეთებენ.
-თქვენი აზრით, მერაბიშვილი და მელია ერთად ამაგრებენ ივანიშვილს?
-ნაციონალური მოძრაობის ყველა ფრთის მოქმედება ერთ რამეს ემსახურება- ხელისუფლების გამაგრებას. „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ ისინი.
– მერაბიშვილი მელიას დასანახად ვერ იტანს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
-მერაბიშვილს აქვს მიზეზები, რომ ვერ აიტანოს მელია. მელიას სურს, რომ მერაბიშვილის გუნდი და ძველი მიშისტები მოაცილოს პარტიიდან და თავისი აზრით “გააკეთილშობილოს” “ნაციონალური მოძრაობა” და ამით მან მოიპოვოს წარმატებები პოლიტიკურ ასპარეზზე.
-ვიღაცების და მათ შორის მელიას მოცილების სურვილი მერაბიშვილსაც აქვს. ეს აშკარაა.
-ვანო თავის თამაშს თამაშობს. ვანოს აქვს თავის პრეტენზიები. ვანო გაღიზიანებულია ამა თუ იმ ტიპებზე. მთლიანობაში ეს ყველაფერი იმდენად ემსახურება ბიძინა ივანიშვილის გამაგრებას, რომ ამაზე ზედმეტია საუბარი.დააკვირდით ერთ რაღაცას,. მიშა სააკაშვილს დამცველი და მომხრე არ დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში. მიშა სააკაშვილი დარჩა მარტო და ეულად. ის არავის აღარ აინტერესებს. ნაციონალები გადასულები არიან ივანიშვილის გამაგრებაზე. მიშამ თავისი საქციელით დაიწყო ეს პროცესი. მხედველობაში საქართველოში მისი ჩამოსვლა მაქვს.
-მოდით ისევ ნაციონალების პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში რომელი ფლანგი გაიმარჯვებს?
-ბიძინა ივანიშვილი. მე მაქვს ასეთი იდეა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა 28 იანვარს დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიოთ ივანიშვილი და დავამთავროთ ბაზარი. სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს- საქათველოს ევროპული მომავლის გარეშე დატოვებას. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი წაართვას. რაშიც მას “ნაციონალური” მოძრაობა ეხმარება.
თაიმერი