კახა მიქაია: „ივანიშვილმა მთელი საქართველო ბუტკაში შეიყვანა!“

ალბათ, გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, „შედი, ქალო, ბუტკაში“. ივანიშვილმა მხოლოდ ის ქალი კი არა, არამედ, მთელი საქართველო ბუტკაში შეიყვანა. ახლა ჩვენ ვართ „ბუტკაში“!!! ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი უძლურია, ბუტკიდან გამოვიდეს,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას პოლიტიკოსი კახა მიქაია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აღზევებაში ბრალს მიხეილ სააკაშვილს სდებს.

– ბატონო კახა, ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს იწყებს და ამ თემაზე კომენტარს პოლიტიკოსებიც აკეთებენ. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოზე რა გავლენას მოახდენს?

– ეს ომი საქართველოზე და მის მომავალზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს!

– ანუ?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ მრჩება განცდა, თითქოს საქართველო გამორთულია გლობალური პოლიტიკური თუ საინფორმაციო ქსელიდან. ის კი, თუ როგორ დამთავრდება კონფლიქტი უკრაინაში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე და საერთოდ, ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივაზე, უდიდეს გავლენას მოახდენს. იმაზე საუბარი, თუ რას იზამს პუტინი, ძნელია და თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ პუტინი უკრაინაში შევა, ეს მისი მმართველობის დასასრულის დასაწყისი იქნება, რადგან ახლა არც 2014 წელია, არც – 2008 და მით უმეტეს, არც – 2001. მართლაც, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია დასავლეთის დახმარება, რომელსაც უწევს უკრაინას. ფაქტობრივად, უკრაინა უკვე ნატოს წევრია… არ მახსენდება არცერთი პრეცედენტი, ნატოს მისი არაწევრი ქვეყნისთვის ამხელა დახმარება გაეწიოს. ფორმატი – ინგლისი, პოლონეთი და უკრაინა, ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში, საკმაოდ ძლიერი ბერკეტია ტაქტიკური თვალსაზრისითაც, რადგან ყველასათვის ცნობილია, ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთისადმი. აქ კი ნატოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ბრიტანეთი და ასევე, პოლონეთი უკრაინას ალიანსს სთავაზობს. წარმოგიდგენიათ, ამას მოლდოვა და საქართველო რომ დაემატოს, ეს ჩვენი უსაფრთხოების მყარი გარანტია იქნება, რასაც ბიძინა ივანიშვილი, პუტინის შიშით, არ დაუშვებს! წარმოუდგენლად მიმაჩნია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება.

– ბატონო კახა, სკანდალური შედარება გააკეთეთ, უფრო კონკრეტულად, რისი თქმა გინდათ?

-ბიძინა ივანიშვილის თავისუფლების ხარისხი 2012 წლიდან დღემდე, კატასტროფულად შემცირდა. ის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ფაქტობრივად აღარ არსებობს. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მეტყველებს, რომ ტოტალურად ეშინია რუსეთის, პირადად პუტინის! სიფრთხილე შიში არაა, შიშსა და სიფრთხილეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ბიძინა ივანიშვილი ფრთხილი არაა, ის მშიშარაა!

– სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ივანიშვილს ვესაუბრე და მითხრა, პოლიტიკაში აღარ ვარ და ჩემთან საუბარი შეწყვიტაო.

– იცით, რა?! ქალბატონი სალომეს ეს განცხადება ჩემთვის დამაჯერებელი არ არის…

და საერთოდ…
ბიძინა ივანიშვილის ქმედებების მთავარი საფუძველი შიშია. ასევე, თუ მისი ტერმინოლოგიით ვისაუბრებთ, რუსეთთან სიტუაციისა და ურთიერთობების გადალაგების რესურსი მას აღარ დარჩა. ბიძინა ივანიშვილი თავისი ხელისუფლებით, პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთზე…

ერთ რამეს ხმამაღლა ვიტყვი: თუ დასჭირდათ, პუტინის ბრძანებით, შექსპირის 66-ე სონეტსაც შეცვლიან ესენი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტსაც გააუქმებენ!

გახსოვთ, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქამდე ჰქონდა პრეტენზია, ჩვენზე არავინ საუბრობს, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ფარსია და ნატოში არავინ მიგვიღებსო…

ახლა კი დასავლეთი მკაფიოდ მოგვიწოდებს, ხმა ამოიღეთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინას, იყავით ჩვენთან და ამ დროს რა ხდება?! – მეუღლისთვის ტყის გაფორმებით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, პოლიტიკური ინტრიგებით, ტენდერებითა და ფულის კეთებითაა დაკავებული ხელისუფლება. არადა, გადამწყვეტი მომენტი დგას – იქნება თუ არა საქართველო ნატოს ღირსეული წევრი თუ დარჩება პუტინის ბოსტნად და უკანა ეზოდ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასე არ მოხდება, რადგან, როგორც წეღან ვთქვი, უკრაინაში პუტინის შეჭრა პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება!

– სხვათა შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრორუსულმა ძალებმა მუშაობა აქტიურად დაიწყეს…

– დიახ, ამას მთელი საქართველო ამჩნევს. მე მათ ლუკაშენკოს ,,მრგვალი კარტოფილის რაინდებს” ვუწოდებ…

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცით და ერთსაც ვიტყვი: მიხეილ სააკაშვილის „შემოქმედების“ გვირგვინი ბიძინა ივანიშვილია… ფაქტია, სააკაშვილმა თავისი სიშლეგით და სიშტერით ხელი შეუწყო იმ სიტუაციის შექმნას, რაც დღეს საქართველოშია! ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის „მოღვაწეობის“ ნაყოფია!

– ზოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ივანიშვილი გააშიშვლა…

– ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის გასაშიშვლებელი არაფერი სჭირდა. მეფე შიშველი თავიდანვე იყო! უბრალოდ, თუ რაღაცები ეცვა, ახლა ისიც აღარ აცვია… ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაფიქრდეს თავის ნამოქმედარზე, თუ მისმა შეცდომებმა თუ დანაშაულებმა როგორ შეუწყო ხელი ბიძინა ივანიშვილის აღზევებას! ასე არ იქცევიან ევროპული ფასეულობების მქონე პოლიტიკოსები… ერთის მხრივ, შიში და მეორე მხრივ, სიშლეგე და სიშტერე, ეს ორი უკიდურესობა დამღუპველია პოლიტიკოსისთვის.

… ალბათ, გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, „შედი, ქალო, ბუტკაში“. ივანიშვილმა მხოლოდ ის ქალი კი არა, არამედ, მთელი საქართველო ,,ბუტკაში” შეიყვანა. ახლა ჩვენ ვართ „ბუტკაში“… რა იქნება მომავალში?! – ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა, მივალთ კატასტროფამდე, ყველამ უნდა გავათვიცნობიეროთ, ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს, შენი საკეთებელი შენ უნდა აკეთო!

რაც შეეხება დასავლეთს, ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: დასავლეთი იმკის იმას, რა შეცდომაც დაუშვა 90-იან წლებში, როცა ცეკა-ს მდივანს და კგბ-ს გენერალს დაუჭირა მხარი და ზურგი აქცია ზვიად გამსახურდიას. მიუხედავად ამისა, ჩვენი ადგილი დასავლეთშია და არა ბნელ რუსეთში!

– ბუტკიდან იქნებ, იმიტომ ვერ გამოვდივართ, რომ საზოგადოების ნაწილი მოსყიდულია, გაყიდულია?

– ბუტკიდან გამოსვლას დრო და მოძრაობა სჭირდება. როცა ასეთ მდგომარეობაშია პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, ამას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ სჩანს!

– ისე, 90-ან წლებში აქტიურად მონაწილეობდით მიტინგებში. 2011-სა და 2012-შიც აქტიური იყავით. მიტინგები ახლაც იმართება. რა განსხვავებას ხედავთ იმ და ამ მიტინგებს შორის? მაშინ ფული საჭირო არ იყო და ხალხი ქუჩაში ნებით გამოდიოდა. დღეს კი მიტინგებზე ფულით ნაყიდი საზოგადოება დგას. რა ხდება?

– ძალიან კარგი შეკითხვაა, ძალიან კარგი. ამ წლების განმავლობაში საქართველოში ქართული ეროვნული იდეის პროფანაცია და ფასეულობების აღრევა მოხდა და ყველაფერი ამის შედეგია. ამას ხელი შეუწყო ედუარდ შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა და დააგვირგვინა ბიძინა ივანიშვილმა. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ვიღაცის ,,პატივისცემაზე” და მავანისთვის ფულის გადახდაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული!

ავტორი: მარიამ პაიჭაძე

banner
წინა სტატიაშიშმიგალმა უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზადაა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: სენაკში „ნაცმოძრაობამ“ და გიორგი გახარიამ მათემატიკა თავდაყირა დააყენეს