თბილისის მერი კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი – ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი. ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას“, – აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. აფეთქების ადგილზე მაშველებმა შვიდსაათიანი სამუშაოების შემდეგ, ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამასთან დაშავებულია სამი პირი, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.