კახა კალაძე „სითი პარკის“ მოქმედებებს საზოგადოებრივ ინტერესებთან პრინციპულად შეუთავსებლად მიიჩნევს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 13, 2018 11:14

კახა კალაძე „სითი პარკის“ მოქმედებებს საზოგადოებრივ ინტერესებთან პრინციპულად შეუთავსებლად მიიჩნევს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გაცხადებით, ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი, კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი კომპონენტი პარკირების სისტემაში მოყვანაა.

„თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევა და ამოცანაა, თბილისი იყოს თანამედროვე, კომფორტული ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული. ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვედით და თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, სამუშაო დღე მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისთვის.

ჩვენ მიერ დაანონსებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემაში მოყვანაა.

ეს ნიშნავს თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემის შექმნას, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს და ვნერგავთ საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს.

დღესდღეობით, უკვე ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან. ჩვენი მხრიდან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2018 წლის 10 აპრილიდან, შევწყვიტოთ კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების სისტემის ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია შპს „სითი პარკი“ არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება. 2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სითი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სითი პარკს“ შორის თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სითი პარკის“ ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 13, 2018 11:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics