კახა კალაძე : იმედი მაქვს, ყველა პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საარჩევნო პლაკატებს ჩამოხსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი

news
ავტ.: news დეკემბერი 2, 2020 11:46

კახა კალაძე : იმედი მაქვს, ყველა პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საარჩევნო პლაკატებს ჩამოხსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი

მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ეს არის პლაკატები და სხვადასხვა სააგიტაციო მასალები.

„მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები გაკრული, ღობეებსა და კედლებზე, რადგან ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ მაქსიმალურად ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ყურადღებით იყოს. არვის აქვს სურვილი, რომ დავაჯარიმოთ ვიღაცები, მაგრამ მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც საბოლოო შედეგები იქნება გამოქვეყნებული, დედაქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

news
ავტ.: news დეკემბერი 2, 2020 11:46