თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
კალაძის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ისტორია დაწერა.
„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია. სამწუხაროდ, როგორც ფეხბურთელს, მე არ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიოზე მეთამაშა, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ, ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ. ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დასწყდა, ყველა, ყველა მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები, სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში. ყველა გერმანიაში, გილოცავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და პენალტების სერიაში დაამარცხა.