კახა კალაძე: ჩვენი მომავალი განათლებულ, საკუთარი ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, სპორტში აქტიურად ჩართული ახალგაზრდების ხელშია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის მომავალი განათლებულ, საკუთარი ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, სპორტში აქტიურად ჩართულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ახალგაზრდების ხელშია.

ამის შესახებ მან თბილისის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, საზოგადოებას წარვუდგინეთ შვიდი ძირითადი მიმართულება, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე და მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა საზოგადოებას ძირითადი პოლიტიკების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ რამდენიმე ანგარიში უკვე წარუდგინა.

„ვისაუბრეთ ურბანული პოლიტიკის მიმართულებაზე, სადაც ძირეული რეფორმები გატარდა. ქალაქში წერტილი დავუსვით ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა; ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა; გარემოს დაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთი პრინციპული და სენსტიური თემაა, რადგან საქმე ეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მწვანე სივრცეების შექმნას; ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და თანხობრივად ძალიან კარგად ჩანს დედაქალაქის ბიუჯეტში. ეს იყო ერთადერთი სფერო, რომლისთვისაც არცერთი თეთრი არ მოგვიკლია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა.

„ჩვენ ხშირად გაგვიგონია, რომ ჩვენი მომავალი სწორედ განათლებულ, საკუთარი ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, სპორტში აქტიურად ჩართულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ახალგაზრდების ხელშია. მე პირადად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას და მიმაჩნია, რომ ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს გადაარჩენს. დღეს ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რადგანაც მაქვს შესაძლებლობა, გესაუბროთ იმ სამუშაოებზე, რომელიც დედაქალაქში, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის სახით განვახორციელეთ. დამეთანხმებით, შეუძლებელია ვისაუბროთ თანამედროვე, ევროპულ, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის კომფორტულ, საინტერესო ქალაქზე, თუ სათანადო ადგილი არ უკავია განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის ხელშეწყობას. ცალკე საკითხია ის, რომ კულტურულად ისეთ მდიდარ, უამრავი მსოფლიო დონის სპორტსმენის, ხელოვანისა და მეცნიერის მშობელ ქალაქში, თუ აღნიშნული მიმართულებების ხელშეწყობაზე არ ვიზრუნებთ, მართლაც დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის აღნიშნული მიმართულებების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე – ეს პროექტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირობები უნდა გადაიხედოს
შემდეგი სტატია2018-2021 წლებში სწავლის დაფინანსება 6 400-მდე სტუდენტმა მიიღო