ჯემალ გამახარია : “აფხაზებთან ერთად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას”

admin
ავტ.: admin მაისი 26, 2020 16:48

ჯემალ გამახარია : “აფხაზებთან ერთად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას”

“აფხაზებთან ერთად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას,” – აღნიშნავს თანამემამულეებისადმი დამოუკიდებლობის მილოცვისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია
ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგა XV საუკუნის მიწურულს დაშლილი ერთიანი სახელმწიფო. ქართველმა ხალხმა სანუკვარ მიზანს თავისუფლებისათვის პერმანენტული ბრძოლით მიაღწია. მისი ფორმები, ისტორიული ვითარების გათვალისწინებით, იყო მრავალფეროვანი. იგი მოიცავდა როგორც მტერთან შეიარაღებულ დაპირისპირებას, ისე ბრძოლის პოლიტიკურ-სამართლებრივი მეთოდების გამოყენებას.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოიცავდა ავტონომიური აფხაზეთის ტერიტორიასაც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აფხაზეთის მკვიდრთა დიდი დამსახურება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და მშენებლობაში, ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებაში. პირველ რიგში, დავასახელებთ გამოჩენილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, დიპლომატს აკაკი ჩხენკელს (1874 -1959), ასევე ვალიკო ჯუღელს (1887-1924) – საქართველოს ეროვნული გვარდიის სახელოვან მეთაურს. მათთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, ამ წმიდათა-წმიდა დოკუმენტს, ხელს აწერენ აფხაზები არზაყან ემუხვარი, ვარლამ შარვაშიძე, ვასილ გურჯუა, ბერძენი ივანე ფაშალიდი, რუსი დიმიტრი ზახაროვი. ავტონომიურ აფხაზეთში ერთიანი საქართველოს აქტიურ მხარდამჭერთა შორის იყვნენ აგრეთვე ვიანორ ანჩაბაძე, დიმიტრი გულია, სხვა ქართველი, აფხაზი, სომეხი მოღვაწეები. ქვეყნის ერთიანობის ჭეშმარიტ განსახიერებას წარმოადგენდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) – ილორის მკვიდრი. ავტონომიური აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურ აფხაზთა ჩათვლით, მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, 26 მაისის იდეალებს.
ამჟამად ვითარება განსხვავებულია, აფხაზეთი დროებით მოწყვეტილია საქართველოსაგან. ისტორიული გამოცდილება, აფხაზეთში დღეს არსებული კრიტიკული ვითარება იმპერატიულად გვკარნახობს, აფხაზებთან ერთად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, რათა ჩვენი თანაცხოვრების მდიდარი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ახალი რეალიების გათვალისწინებით მივაღწიოთ შეთანხმებას…
გისურვებთ ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, გაერთიანებულ საქართველოში ამაყად ცხოვრების ბედნიერებას.

admin
ავტ.: admin მაისი 26, 2020 16:48

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics