ჯეკ შეპარდმა დიდ ბრიტანეთში დაჩქარებული წესით ექსტრადირებაზე უარი განაცხადა

ჯეკ შეპარდმა დიდ ბრიტანეთში დაჩქარებული წესით ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. სწორედ აღნიშნულ საკითხზე გაიმართა დღევანდელი სასამართლო სხდომა:

„შემოვიდა შუამდგომლობა, რომ გარკვეულიყო, ეს პირი თანახმა იყო თუ არა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით ექსტრადაციაზე. პირმა განაცხადა კატეგორიული უარი. სასამართლო დარწმუნდა, მისი ადვოკატების პოზიციიდან გამომდინარე, რომ მას სრულად აქვს კონსულტაცია გავლილი თავის ადვოკატებთან და ეს უარი არის ნებაყოფლობითი. აქედან გამომდინარე, ოქმი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს. ბატონი ჯეკ სებასტიან შეპარდი უარს აცხადებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე. ნებისმიერ დროს, თუკი შეიცვლის პოზიციას, მას შეუძლია, ადვოკატების მეშვეობით მომართოს სასამართლოს,“ – განაცხადა მოსამართლემ.

ადვოკატები ჯეკ შეპარდის გადაწყვეტილებას განმარტავენ და აცხადებენ, რომ მას შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში საფრთხე დაემუქროს.

„მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადირება სხვა ქვეყანაში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მას არ შეექმნება გარკვეული პრობლემები. ჩვენ გვჭირდება, რომ მთელ რიგ დოკუმენტაციას გავეცნოთ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა წარიმართოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი პროცედურების თანახმად,“ – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

banner
წინა სტატიაშისამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 1-ელი თებერვლიდან იწყება
შემდეგი სტატიაშსს-ში დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრი თამაზ იორაშვილი დაკითხეს