ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო განმარტავს, რომ ფრინველთა აღნიშნული სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს და სავარაუდოდ, ის გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა, გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და დახმარება გაუწია.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ეს ფლამინგოს გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის ფრინველი 2016 წელსაც შენიშნეს.

ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. ტერიტორიაზე გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი.

ფლამინგოებს გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო პარტნიორები გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე -7 კაციანი ველოსიპედისტთა ჯგუფი ხევში გადაიჩეხა