ჯარჯი აქიმიძე: დღეს ჩვენი ჟურნალისტები ბარიკადების მეორე მხარეს დგანან, ვერ ვხდები რას ებრძვიან

„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებელის ჯარჯი აქიმიძის თქმით, მისთვის ტელეკომპანიის ჟურნალისტების პროტესტი გაუგებარია.

აქიმიძემ საგანგებო ბრიფინგზე 2004 წელი გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, „რუსთავი 2“ დაათმობინეს.

„2004 წლის ივნისში ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ტელეკომპანია უნდა დაგვეთმო. როგორც გვითხრეს ძლიერმა ამა ქვეყნისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ „ტრუსიკების ამარა დავრჩებოდით“. ვფიქრობდით, უნდა გვეთქვა თუ არა ამის შესახებ ჩვენი ჟურნალისტებისთვის ან უნდა დაგვეწყო თუ არა გამოსვლები. მე და დვალი ვისხედით და ვფიქრობდით, ამოვა თუ არა ვინმე ჩვენთან, ან უნდა დავუძახოთ თუ არა ვინმეს. ჩვენ ვერ გავრისკეთ, რომ გვესარგებლა ჩვენი უფლებით, თუ მდგომარეობით და საბოლოოდ, ჩვენ მაშინ უარი ვთქვით პროტესტზე. არ ვიცი ეს სწორი იყო თუ არა. დღეს ჩვენი ჟურნალისტები, მგონი უფლება მაქვს ასე მივმართო, ბარიკადების მეორე მხარეს დგანან. ვერ ვხდები რას ებრძვიან ან ვის ებრძვიან. ასე მე კარგად მახსოვს როგორ იწყებოდა „რუსთავი 2“-ის ისტორია, ეს ხდებოდა იმ ხალხის ვალწინ, რომლის 40% კიდევ ამ ტელეკომპანიაში მუშაობს. ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ საინფორმაციო სამსახურისთვის დაგვერქვა „კურიერი“, რაც ამბის მიმტანს ნიშნავდა. დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“ უნდა იყოს ამბის მიმტანი და არა მიკერძოებული ამბის მიმტანი. ტელევიზიის დევიზად კი შევარჩიეთ – „ჩვენი ტელევიზია, თქვენი ტელევიზია“. ეს დევიზი ჩვენ დავივიწყეთ. იმ შემთხვევაში თუ დავუბრუნებთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი ტელევიზია, ისევ გახდება საზოგადოების ტელევიზია“, – განაცხადა აქიმიძემ.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში: ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს