ჯაფარიძე – რიგგარეშე არჩევნები არის გზა, მაგრამ მის მიღწევას სჭირდება ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ყოველ დილით გააზრება იმისა, რომ თავზე გასხედან უზურპატორები

რიგგარეშე არჩევნები არის გზა, მაგრამ მის მიღწევას სჭირდება სხვა ტიპის აქტივობები – ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა, ყოველ დილით გააზრება იმისა, რომ თავზე გასხედან უზურპატორები, რომელთაც ძალაუფლება აქვთ მიტაცებული, – ამის შესახებ „გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გზაა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ განვითარებას დაუბრუნდეს.

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ იმ პარტიების მცირე ჩამონათვალშია, რომელთაც არასდროს მოუხსნიათ დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ განვითარებას. ამ გზაზე მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ არის დეოლიგარქიზაცია და მისი ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვება. არც დასავლეთში და არც ქვეყნის შიგნით არავის სჯერა, რომ ოლიგარქიული მმართველობა საკუთარ თავს თვითონ დაასრულებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რამდენად რელევანტურია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს მუშაობა სერიოზული არაა და რეალურად რეკომენდაციები არ შესრულდება.

„არანაირ 12 პუნქტზე სერიოზული მუშაობა არ მიმდინარეობს. ვერანაირი 12 პუნქტის შესრულება ვერ მოხდება ამ ქვეყანაში – ეს არის ზღაპარი და ივანიშვილის მცდელობა, რომ ყალბი პოლიტიკური პროცესი შექმნას, რომელიც დასრულდება ან არაფრით, ან გადაგდებით და ტყუილით, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში არაერთხელ ვნახეთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში, კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფორმატებში მონაწილეობას აპირებს, ჯაფარიძე ამბობს, რომ „კიდევ ერთხელ ვნახავთ იმედგაცრუებას“.

„მე ამ პროცესის არ მჯერა, მაგრამ მათი პოზიცია არის ის, რომ უნდა სცადონ ყველანაირი გზა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – სცადონ. კიდევ ერთხელ ვნახავთ იმედგაცრუებას, მეტი არაფერი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოგაშვილი – „ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია – ე.წ. დეპუტატებს, ყველას ამას არც ეტყვიან, ამიტომაც მზად არიან „დაიგინონ”
შემდეგი სტატიაფონ კრამონი – დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს – ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში და ამიტომაც არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი