ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმის შექმნაზე იმსჯელეს.

აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან.

„ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები – მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალის მოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს შევჯერდით იმ პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდება აღნიშნული საკითხის დარეგულირება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დელეგაციასთან ერთად ეწვია
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას დასამარცხებლად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მლნ ლარია გათვალისწინებული