შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დელეგაციასთან ერთად ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
იოანნა ვრონეცკა დელეგაციასთან ერთად ეწვია. პოლონელ სტუმრებს შს მინისტრის
მოადგილეები – შალვა ხუციშვილი და მერაბ მალანია შეხვდნენ.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილეებმა პოლონეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილეს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული
რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების
საკითხებზე, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში განხორციელებულ
ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს.
იოანნა ვრონეცკამ საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა
გადაუხადა მიმდინარე წლის სექტემბერში მწვერვალ თეთნულდზე პოლონელი
ტურისტების დასახმარებლად განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის
გამო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოსა და ქალაქ ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლას შორის
ნაყოფიერი თანამშრომლობა. პოლონეთის მხარემ სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით
განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და საგანგებო სიტუაციების
მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი
ჩიეშკოვსკი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს და პოლონეთის საელჩოს თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი იოანე – გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა