ივერი მელაშვილმა ფორმულას გადაცემა დროებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2020 21:35

ივერი მელაშვილმა ფორმულას გადაცემა დროებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა ფორმულას გადაცემა დროებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა.

როგორც მელაშვილის წერილში ვკითხულობთ, იგი მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ საქმე მის წინააღმდეგ “შეთითხნილია”.

იგი ბრალდებებს “უსაზიზღრესს” უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალი მალე იზეიმებს.

“შემომიტანეს და გადმომცეს უამრავი ადამიანის წერილი, რომლებშიც რიგითი მოქალაქეები, ნაცნობები თუ უცნობები, მხარდაჭერას გამოთქვამენ ჩემი და ნატალია ილიჩოვას მიმართ. ამასთან ათვითცნობიერებენ რა ჩვენს უდანაშაულობას და პროკურატურის გამოძიების და სასამართლოს მიერ შეთითხნილ, უმძიმეს და უსაზიზღრეს ბრალდებასთან მიმართებაში გვისურვებენ გამძლეობას და გამოთქვამენ იმედს, რომ მალე სამართალი იზეიმებს. მომდის აგრეთვე ხმები, რომ ეწყობა ჩვენი მხარდამჭერი აქციები, მიმდინარეობს განხილვები მედიაში. შეძრული ვარ ყოველივე ამ მხარდაჭერით. მინდა თავმდაბლად უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე”, – წერს ივერი მელაშვილი.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც.

ბრალდების მხარე დაკავებულების მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

მელაშვილი წერს, რომ იგი საკუთარი ღირსების დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

“ცხადია მე ვაგრძელებ ბრძოლას ახლა უკვე მეტი შემართებით და ვათვითცნობიერებ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ჩემს და ნატალიას ღირსებას, არამედ იმას, რომ იზეიმოს სიმართლემ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარავის გაუჩნდეს სურვილი, რათა არჩევნებზე ხმების მოპოვების ან სხვა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცილი არ დასწამოს ადამიანებს, შეულახოს ღირსება და რაც მთავარია ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, – წერს დაკავებული კარტოგრაფი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2020 21:35