ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ სხდომის გადადების შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესი, ცდება

პლენარული სხდომა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, 28 ნოემბრისთვის გადაიდო. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა დარჩენილი თანამდებობები უნდა გადაინაწილონ და კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები დაამტკიცონ. ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პოლიციისა და სპეცრაზმის თანაშრომლებს ასვენებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ  განაცხადა, სესიის გადადების გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის.

„როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ლიდერებს არ სიამოვნებთ ყვითელი ავტობუსების, რობოკოპების, ფარებისა და ჩაფხუტების ფონზე შეპარვა სესიაზე. შესაბამისად, ალბათ, სურთ ცოტა ამოისუნთქონ. ალბათ, პოლიციელების დასვენებაც სურთ – ათასობით პოლიციელს დაარბენინებენ წინ და უკან. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ამ გადაწყვეტილების მერე ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესი, ასე არ იქნება”, – განაცხადა კახიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ სხდომის ჩაშლით ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის პროვოცირების თავიდან აცილებას.

“ვფიქრობ, ზოგადად, პროტესტი ნებისმიერ სახით აქტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნებამ” შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. რაც შეეხება პიკეტირებასა და ხვალინდელი სხდომის ჩაშლას, ვფიქრობ, სწორია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად არ ცდილობს სიტუაციის პროვოცირებას”,-აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას მოითხოვენ – ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშითბილისში ლიეტუვას საელჩოსთან მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაკვიპროსის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა