“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა” – საბჭოს წევრი მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე საუბრობს

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებას დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა. ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, ვახტანგ მჭედლიშვილი იყო.

მას მიაჩნია, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენებით საბჭომ შეცდომა დაუშვა. საბჭოს წევრი განმარტავს, რომ საბჭო არ დაელოდა მეორე მხარის არგუმენტების მოსმენას, მითუმეტეს, რომ მჭედლიშვილის განმარტებით, ახველდიანმა გონივრული ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.

„მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა. დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა,“ – განმარტავს მჭედლიშვილი.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭომ ფაქტიურად დაარღვია კანონის ის ნორმა, რომელსაც ედავებოდა სასამართლოს თავმჯდომარეს.

„იუსტიციის საბჭო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციაში,“ – აღნიშნა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან დღეს გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობას გიორგი ებანოიძე შესრულებს
შემდეგი სტატიამოძრაობა “ეროვნულები” თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვს