იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი პოლიტიკური მედიაციის პროცესში ჩართულ სუბიექტებს მიმართავს

Close-up Of A Judge Hands Writing On Document With Gavel And Scale At Desk PIC: 123RF

იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციის პროცესში მონაწილე ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართავს.

როგორც “თაიმერს” იურისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფიდან აცნობეს, მათი მიმართვის მიზანია, შედგეს შეთანხმება სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზების დადგენის, მათი აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით ეფექტიანი და არაფრაგმენტული სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ.

„გამომდინარე იქედან, რომ სამართლიანი სასამართლო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარი ქვაკუთხედია, რომლის გარეშეც შეუძლებელია დავების მშვიდობიანი მოგვარება, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების მედიაციით, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებული მოლაპარაკების ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას შედგეს შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა არის ქვეყანაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ერთ ერთი მთავარი ფაქტორი.

დღემდე საქართველოში სასამართლო რეფორმა განხორციელდა ზედაპირულად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სიღრმისეული პრობლემების სათანადო შესწავლისა და გამომწვევი მიზეზების ანალიზის გარეშე;

ქვეყანაში დამკვიდრდა პოსტსაბჭოური და პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა; კანონმდებლობის გაუმჯობესების და გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში დამკვიდრდა კლანური მმართველობა, რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლეთა ვიწრო, მონოლითური ჯგუფი ცენტრალიზებულად და არაფორმალურად აკონტროლებს მართლმსაჯულებას;

მივმართავთ, პოლიტიკურ აქტორებს და ვითხოვთ მედიატორი პირების და ორგანიზაციების დახმარებას რომ:

1. შედგეს შეთანხმება სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზების დადგენის, მათი აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით ეფექტიანი და არაფრაგმენტული სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ.

2. შეთანხმების რეალურად შესრულების და სასამართლო რეფორმის სანდო პროცესის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი რომელიც შეისწავლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, წარმოადგენს არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნება მიღებული და განხორციელებული“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები:

კახა წიქარიშვილი; ეკა ციმაკურიძე; მაია ბაქრაძე; უჩა ნანუაშვილი; თამარ ლალიაშვილი; ბესიკ ლოლაძე; თამარ გეგელია; ხათუნა გრიგალაშვილი; ირაკლი შავაძე; ირაკლი კორძახია; ნათია ქუთათელაძე; ბესიკ სისვაძე; ირაკლი გაბრიჩიძე; ლია მუხაშავრია; თეა ხამხაძე; ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; გურამ იმნაძე – ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი. ალეკო ცქიტიშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირება, საზოგადოებრივი დიალოგის და ადვოკატირების გზით.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმარტვილში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაჩუმლაყში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს