იურიდიულმა კომიტეტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

ცვლილებების არსი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების აკრძალვაა.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს.

გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას დაბრკოლება არ შეექმნას.

banner
წინა სტატიაში“ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის, შემდეგ ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებს” – ბურჯანაძე
შემდეგი სტატიასასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო