ISFED-მა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

“სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოვლენილი ძირითადი მიგნებებისა და ტენდენციების მიხედვით, პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერაშორისო საზოგადოების“ მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა 27 ოქტომბრის “ქართული ოცნების” მასშტაბური აქციის ორგანიზების პროცესში, სადაც ჩართული იყო საჯარო უწყებების, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასებული ორგანიზაციების რესურსები და თანამშრომლები

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის დანერგვა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილში, ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია არჩევნების პირველ ტურზე ხარვეზებით წარიმართა. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამასთან, ვიდეოჩანაწერების ნაწილი ხარვეზებითა იყო გადაღებული და ვერ უზრუნველყოფდა ხმების დათვლის პროცესის სრულყოფილად ასახვას. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინოს პირველი ტურის გამოცდილება და აღმოფხვრას ხსენებული ხარვეზები მეორე ტურისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდა მეორე ტურის წინ, რაც გამოიწვია მესამე პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ და, შედეგად, მისმა დაპატიმრებამ.

„პირველი ტურის წინ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამქრალი იყო დისკუსია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. კამპანია, ფაქტობრივად, საარჩევნო პროგრამების გაცნობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაში, ნეგატიურ გზავნილებსა და ოპონენტის დისკრედიტაციაში ვლინდებოდა. მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე.

პრობლემურია მმართველი პარტიის პოზიცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევებში ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ოპოზიციოინერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციონერ მერს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს. მსგავსი განცხადებები, ერთი მხრივ, უგულებელყოფს დეცენტრლიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და მის კომპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპებს, მეორე მხრივ, შეიცავს შერჩევითი მიდგომის ნიშნებს, რომ მერის არჩევნებში არასახელისუფლო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისი მუნციპალიტეტის მხარდაჭერას სათანადოდ არ უზრუნველყოფს;

უარყოფითად უნდა შეფასდეს საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა სააგიტაციო მასალის განთავსება/გავრცელებასთან დაკავშირებით. ინიციატივა, ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებსაც, რამაც ნორმის აღსრულების პროცესში შესაძლოა თვითნებური ინტერპრეტაციის და პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკი შექმნას. გაუგებარია რა იგულისხმება “უარყოფითი დამოკიდებულების“ შექმნაში და რა ნორმატიული შინაარსი შეიძლება იყოს ამ ტერმინში. ამგვარ რეგულაციას “მსუსხავი ეფექტი” ექნება გამოხატვისა და მედიის საქმიანობის თავისუფლებაზე;

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტიის მიერ, სიის ყოველ სამეულში ერთი კაცის ჩასმის ვალდებულება. სასამართლომ ძალაში დატოვა კვოტირების მექანიზმი ქალთა სასარგებლოდ და ქალი კანდიდატის არარსებობსისას მანდატის გაუქმების წესი, რადგან ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მომავალში პოლიტიკურმა პარტიებმა ფორმალურად შეიყვანონ პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები, ხოლო შემდეგ, მანდატზე უარის თქმით, გვერდი აუარონ კვოტირებას. სასამართლომ მხარი დაუჭირა მის მიერვე უკვე დადგენილ სტანდარტს, რაც კვოტირების, როგორც ქალთა პოლტიკაში მონაწილეობის გაზრდის მექანიზმის კონსტიტუციურობაში მდგომარეობს და აღნიშნა, რომ ხელოვნური უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმის შექმნა მიმართული უნდა იყოს ქალთა მიმართ არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაძლევისკენ;

მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს იმ 20 მუნიციპალიტეტში დააკვირვება, სადაც იმართება მერის მეორე ტური. ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს 8 მუნიციპალიტეტზე, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემზე (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი). ორგანიზაცია თბილისის უბნების მესამედს, ხოლო დანარჩენ ჩამოთვლილ 7 მუნიციპალიტეტებში – უბნების ნახევარს დაფარავს.

„ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში იმოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი).

ორგანიზაციის მონიტორები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე დააკვირდებიან. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება და ქვეყნდება საარჩევნო დღის განცხადებების სახით, გამოვლენილ დარღვევებს კი შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა.

„სამართლიანი არჩევნები“ მეორე ტურის დღის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგენთ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. პრეზენტაციები გაიმართება შემდეგ საათებში: 11:00, 16:00 და 22:00“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი სააკაშვილზე: მოძრაობა ცოტა შენელებულია, როცა ვიცით, როგორიც არის, ტყვიასავით
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ბატონო მიშა, სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან 6 წელი ბევრი დროა