ირმა ინაშვილი: არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა

ეს დასკვნა ვერაფერს შეცვლის. ძალიან სამწუხაროა, ბოლო 20 წლის მანძილზე ყველა არჩევნები ყალბდებოდა ქვეყანაში მეტ-ნაკლები დოზებით, მაგრამ ის, რაც მოხდა 2020 წლის 31 ოქტომბერს, ამას უკვე ჰქონდა გაცილებით დიდი მასშტაბი, იმდენად დიდი მასშტაბი, რომ საქართველოში ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა.

„სამწუხაროა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე იგივე ეუთო და სხვა ორგანიზაციები ყოველთვის დებდნენ რაღაც ორაზროვან, ძალიან ბუნდოვან დასკვნებს მხოლოდ ხარვეზების შესახებ და არა იმ ფუნდამენტური გაყალბების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. მე ეუთოსთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით ვაკეთებ ამ განცხადებას, თითქოს ისეთი განცდა რჩება ამ განცხადებების შემდეგ, რომ მუდმივად ხელს აფარებენ გაყალბების ფაქტებს და ხაზს უსვამენ მხოლოდ იმას, რომ იყო გარკვეული ხარვეზი. ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის სამართლის დანაშაულზე, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას გუშინდელ განცხადებას, ამასთან დაკავშირებით ინაშვილმა აღნიშნა, რომ ბრაიზას განცხადებები მას არ აინტერესებს.
„არანაირად არ მაინტერესებს ბრაიზას განცხადებები და არ მიმაჩნია, რომ კომენტარები უნდა ვაკეთო ბრაიზას განცხადებებზე. ბრაიზამ იმდენად ბევრი ცუდი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ჩამონათვალს ერთი ბრიფინგი არ ეყოფა, ამიტომ არ ვთვლი, რომ საინტერესოა“, – აღნიშნა ინაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

banner
წინა სტატიაშითბილისში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია „პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს