IRI საქართველოში არჩევნების ტექნიკური შეფასების მისიას გზავნის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიას უშვებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.

“ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

მისია (TEAM) შედგება ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

IRI-ის განცხადებით, კორონავირუსისის პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, მიიღეს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

banner
წინა სტატიაშიNDI 31 ოქტომბრის არჩევნებს დისტანციურად დააკვირდება
შემდეგი სტატიავაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს