ირაკლი ტაბლიაშვილი: მე აღარ მინდა, დავიჭამო მუშტები, როგორც ეს რამდენიმეჯერ მაინც გამიკეთებია

რა გავაკეთეთ 1990 წლის 28 ოქტომბერს?.. რა გავაკეთეთ და, დავირაზმეთ, წავედით არჩევნებზე და უარი ვუთხარით ბოლშევიზმს.

იმხანად უკვე აღარ გვეშინოდა… ვიცოდით, მთავრდებოდა რეჟიმი და დიდად არც ის გვანაღვლებდა, ჰქონდათ თუ არა მართვის გამოცდილება იმდროინდელ ოპოზიციონერებს… არ გვანაღვლებდა იმიტომ, რომ, მთავარი იყო შეცვლა… რამის შეცვლა… და წინასწარ ვიცოდით, რომ აღდგებოდა დამოუკიდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჩვენი არჩევანის გამო, საბჭოთა რეჟიმი, სისხლისღვრასა და პროვოკაციებზეც იყო წამსვლელი.

28 ოქტომბერია დღესაც.

… და შესაძლოა, არ მოგვწონდეს რომელიმე ერთი ან ყველა კანდიდატი, მაგრამ, არჩევანი მაინც გასაკეთებელი გვაქვს… თუნდაც უფლის და, აგრეთვე, ზვიადის გზის მიმდევრის სასარგებლოდ.

ვის ვირჩევთ?

მე გეტყვით, ვის არ უნდა ვირჩევდეთ.
და არ ჩავუყვები ათასჯერ გადათელილ-მიმოხილულ წარსულს… უფრო მომავალზე გეტყვით.

მე ვერ ავირჩევ კონფორმისტებს… და, აგრეთვე, კაპიტულანტებს.

ხვალ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ხვალ… რუსეთი რომ შემოეთრეს ამ ქვეყანაში (არ უქნია თუ რა)… შემოეთრეს რა გინდა რა მიზეზით (მაგალითად ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის შესაჩერებლად)… ჩვენ მას ბაბაია კი არ უნდა დავუძახოთ, ფიანდაზები კი არ უნდა დავუგოთ… უაზრო და უშედეგო მოლაპარაკებებზე კი არ უნდა წავიდეთ… შიშით კი არ უნდა ბოდიში და გაგვეპაროს…
არამედ, რაც ძალი და ღონე გვაქვს, უნდა ვიომოთ:

იარაღით; კალმით; ინგლისურით; ვიდეო რეპორტაჟით; სიტყვით; თავდადებით და თავგანწირვით; ღრიალით…დიპლომატიით.
და ეს უნდა ვქნათ დამოუკიდებლად იმისა, გვეცოდინება თუ არა წინასწარ, რომ რუსეთი აუცილებლად გაეთრევა.

ჰოდა, ეს უპირველესად უნდა გააკეთოს მომავალმა პრეზიდენტმა… ამის მაგალითი სწორედ მან უნდა მოგვცეს.

ჰოდა, ცუდია, რომ ყველა კანდიდატს აქვს წარსულიდან ამოსაქექი მათივე მიქარვები, მაგრამ, ახლა მე ამას ვერ ჩავუღრმავდები… რადგან ვხედავ, ვგრძნობ და ვჭვრეტ, რომ ერთადერთი კანდიდატი, ვინც რუსეთს არათუ ხელს არ შეუბრუნებს, არამედ, ყაბულს იქნება მაგალითად ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრზე თუ ოპერაციაზე; ღიად იტყვის, რომ ნატო არ გვინდა (რამდენადაც, თურმე, არ გვიღებენ)… რომ რუსეთთან კომპრომისები მისაღებია, თუნდაც გადავლახოთ წითელი ხაზები…
რომ რუსეთს აქვს კანონიერი ინტერესები..
რომ იმ, 2008 წლის ომში რუსეთი კი შეცდა, მაგრამ საქართველომ დანაშაული ჩაიდინა… რომ….
მოკლედ, ერთადერთი ამგვარი კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი.

და მე წავალ არჩევნებზე, და ვინმეს მართლა მივცემ ხმას… და ეს ვინმე არ იქნება სალომე ზურაბიშვილი… დამოუკიდებლად იმისა, რომ “ულმობელი საქმის კაცის” შთამომავალია და მისი შვილის საჯარო გამოსვლაც, რაღა დაგიმალოთ და, ემოციური იყო.

მე არ გაძლევ ხმას შენ, სალომე…
მე უნდა ჩავხედო თვალებში მომავალს…
მე აღარ მინდა, დავიჭამო მუშტები, როგორც ეს რამდენიმეჯერ მაინც გამიკეთებია.

ირაკლი ტაბლიაშვილი

banner
წინა სტატიაში„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას,“ რომ შეეშვით ამომრჩევლის მოსყიდვას,” – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაწლების განმავლობაში ნასაკირალის უბნის ამომრჩეველი ბათუმის და ბოლნისის სიებში აღმოჩდა