ირაკლი სესიაშვილი : ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს

ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს, – ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შეფასებებს, რომელიც უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო ოფიცრის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხელისუფლების მისამართით გააკეთეს.

სესიაშვილის განცხადებით, მან უმცირესობის მხრიდან უსინდისო და მხოლოდ ბოღმაზე აგებული ბრალდებები მოისმინა.

“ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე უმცირესობაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, მათ შორის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება. ზოგიერთს ჰგონია რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესია ასეთი – ასე უცხოვრიათ… მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა მე ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს“, – განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადასცემოდა.

“მაშინ როდესაც სახელმწიფომ სამართლებრივად აბსოლუტურად ყველა პროცედურა გაიარა, ჩვენ გვესმის არა თუ უსაფუძვლო, არამედ მარაზმის დონემდე აყვანილი ბრალდებები“, – დასძინა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაქართული ლეგიონის მებრძოლის მტერი რუსეთისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი