ირაკლი კობახიძე : სუს-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას

როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ბუნებრივია, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას შეიძლება მოყოლოდა უფრო მძიმე შედეგები. ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, სუს-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული ყოფილიყო. მისივე განცხადებით, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული თანმიმდევრული პოლიტიკა.

„ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ევალება, რომ იმოქმედოს სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმიტომ, რომ უმრავლესობა არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება საგარეო ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ნაბიჯი სწორედ ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული. საქმე ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებას ჰქონდა. გახსოვთ, რითი დაამთავრეს საკუთარი ქმედებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის ვგულისხმობ ტერიტორიების 20%-ის ჩაბარებას რუსეთის ფედერაციისთვის. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ – ჩვენი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შეუძლიათ გააგრძელონ იმ სპეკულაციური განცხადებების კეთება, რასაც აკეთებენ.

დღემდე სუს-მა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული და ხელისუფლების თითოეული სტრუქტურა ასე გააგრძელებს მუშაობას.

როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ბუნებრივია, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუს-ის და ზოგადად, ხელისუფლების დროული რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას შეიძლება მოყოლოდა უფრო მძიმე შედეგები. ეს დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობაა, რაც ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი სცენარები თავიდან აირიდოს,” – განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას. კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას მხრიდან იმის გაჟღერება, რომ მან ამ დანაშაულის მომზადების შესახებ იცოდა, კითხვებს ბადებს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ეს სამართლებრივი კუთხით ისეთი საკითხია, რაც კითხვებს ბადებს. ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყება. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტიკური კუთხითაც ძალიან პრობლემურია, რას ნიშნავს ის, როდესაც იცი დანაშაულის მომზადების თაობაზე და ამის შესახებ არავის ატყობინებ. ეს მძიმეა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,”- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი და რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა.

„იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“, – წერს კადიროვი.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს 19 ივნისს დაასახელებს
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა