ირაკლი კობახიძე პოლონეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ახლად დანიშნულ პრემიერმინისტრს შეხვდა. მატეუშ მორავიეცკიმ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. მხარეებმა ქვეყნებში და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.

მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტთაშორის თანამშრომლობის გაძლიერებაზეც. სწორედ ამ მიზნით დღესვე, საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. საქართველოს ელჩი პოლონეთში ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, ირაკლი კობახიძე და საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდებიან პოლონეთის სეიმის მარშალს და სენატის მარშალს. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური სადილის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მალგორჟატა გოშიევსკას.

ვარშავაში დღეს დაგეგმილია გამოფენა, რომელიც საქართველოს და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენას ირაკლი კობახიძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვევა.

დღის ბოლოს ირაკლი კობახიძე სენატში, პოლონეთის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი სამეფო სასახლეს მოინახულებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 17 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტი 3 დღიანია და ხვალ, 19 დეკემბერს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ნათია თოდუას გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ახალი ვეტო – უმრავლესობამ შესაძლოა ხმები ვერ მოაგროვოს