ირაკლი კობახიძე – პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რაც ავტორიტარიზმის განმეორების საფრთხეს აგვარიდებს

საქართველო სამაგალითოა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო მიმართულებით წარმატება შიდა რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება.

„გვესმის, რომ „თავისუფლების საზღვარი“ ვრცელდება მხოლოდ იქამდე, სადამდეც – დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო გახდა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით.

დემოკრატიული რეფორმები, პირველ რიგში, უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ასაკის, სქესის, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის ადამიანისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობა თავისუფალ და თანამედროვე საზოგადოებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხელისუფლების ორგანოთა დაბალანსებული სისტემის შექმნისა და საქართველოს ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი დაასრულა.

„გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რაც თავიდან აგვარიდებს ავტორიტარიზმის განმეორების საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მოახდენს პოლიტიკური პოლარიზაციის და რადიკალიზაციის პრევენციას, ხელს შეუწყობს პარტიული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციასა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერებას.

საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ იშურებს, რათა უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს პარლამენტის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობით და მათზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა საყოველთაოდ იქნა აღიარებული, როდესაც ქვეყანა 2015 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ჩემპიონის ჯილდოს მფლობელი გახდა და, როდესაც 2017-2018 წლებში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეობა გადაიბარა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ასეთი ტრანსფორმაცია ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს სიმბოლურად უკვდავყოფს.

„ზუსტად 100 წლის წინ, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩატარდა დამფუძნებელი კრების პირველი სესია, კრებისა, რომელიც არჩეული იქნა ხალხის ნებით. მიუხედავად მოკლევადიანი დამოუკიდებლობისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს. მათი იდეოლოგიური და სიმბოლური მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება საქართველოს პარლამენტში, რომელიც წარმოადგენს ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი ტრადიციის ღირსეულ მემკვიდრეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ჰერბალაიფის” დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ