ირაკლი კობახიძე-„ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ არანაირი ფორმით არ გავხართ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე თქვენი დამოკიდებულებით

„პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს, მოეწყოთ ობსტრუქცია – ეს არის თქვენი ევროპული კულტურა, ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი გცხიათ ევროპულობის და აქედან გამომდინარე, ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და ყოველდღიურად არღვევს ევროკომისიისა და ევროკავშირის მოთხოვნას დეპოლარიზაციის შესახებ.

„პოლარიზაცია არის ის საკითხი, რომელიც პირველ პუნქტად არის აღნიშნული ევროპული კომისიის დოკუმენტში, თუმცა, ყველა ვხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან, რაც გამოიცა ეს დოკუმენტი, ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად არღვევს ამ პირველივე მოთხოვნას, რაც აქვს ევროპულ კომისიას და ევროკავშირს საქართველოს მიმართ.

ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ოპოზიციამ, თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ამ პუნქტს არ ასრულებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს პოლარიზაცია, გააღრმავოს დაპირისპირება, მღელვარება საზოგადოებაში, თუმცა, ვიტყოდი, რომ ეს არის კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა, რომელსაც ისინი ამჟამად ახორციელებენ. არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ქვეყანას გავუფრთხილდეთ. ჩვენ მაქსიმალურად, ხანდახან, ვეფერებით ხოლმე კრიმინალებს, პირდაპირ ვიტყვი – იმ ოპოზიციას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული და არამარტო წარსული, არამედ კრიმინალური აწმყო და მომავალი. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე, დანაყოფებზე, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავიაზროთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული რისკები ჩვენი ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ნებისმიერი მათი ნაბიჯის მიმართ ჩვენ უნდა გვქონდეს სათანადო დამოკიდებულება.

აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ, რა გავაკეთოთ, ჩვენ რა ნაბიჯი გადავდგათ, ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი. ცხონებულის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დაანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა 20 ივნისის აქციაზე, მაგრამ თქვენ რომ მონაწილეობდით ამ გეგმის შედგენაში, ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და არასამთავრობოებით. ამას სჭირდება სათანადო პასუხის გაცემა. თქვენ არაფერი გცხიათ, საერთოდ, ევროპის, არანაირი ფორმით არ გავხართ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე თქვენი დამოკიდებულებით. შეგახსენებთ, პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს, მოეწყოთ ობსტრუქცია. ეს არის თქვენი ევროპული კულტურა. ამიტომ ვამბობ ზუსტად, რომ თქვენ არაფერი გცხიათ ევროპულობის და აქედან გამომდინარე, ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა, თუ სადმე გვაქვს უკუსვლა, ერთადერთი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის სწორედ ის, რომ ვერაფრით ვეღირსეთ ჯანსაღ პროევროპულ, პროდასავლურ ოპოზიციას საქართველოში. თუმცა, მომავალში ესეც აუცილებლად გამოსწორდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საერთოდ, როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ ბატონი ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე; ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან საუბრისას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი