ირაკლი ღლონტი: „პარტია „კანონმა და სამართალმა“ ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უკვე გამოიყვანა!“

ერთი კვირის წინ, ახალი პარტიის – „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელსაც ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. პარტიის თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა ყრილობას საკუთარი გუნდი წარუდგინა. ამ გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი ახალგაზრდა პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტია, რომელმაც ახალ პარტიაში გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავა. „თაიმერის“ შაბათის სტუმარი სწორედ ირაკლი ღლონტია.

ირაკლი, ბოლო ორი წელი, პრინციპში, არ აქტიურობდით. ზოგს ისიც ეგონა, რომ პოლიტიკიდან წახვედით. ამ დროს კი, ახალ პარტიაში – „კანონი და სამართალი“ გამოჩნდით.

– დიახ, ორი წლის წინ, საჯაროდ განვაცხადე, რომ ბევრი მიზეზის გამო გადავედი ე.წ. პოლიტიკურ TIME OUT-ის რეჟიმში.  პრაქტიკულად, წასულიც კი შეიძლება ეწოდოს, რადგან პარტიული პოლიტიკით არ ვიყავი დაკავებული, დატოვებული მქონდა ყველა პოლიტიკური ფორმატი, მაგრამ ყველგან ვიყავი , სადაც ჩემთვის და ბევრი ღირსეული ადამიანისთვის არსებობდა წითელი ხაზები.

პირველად მაშინ გამოვჩნდი საჯაროდ, როცა კადრებში დავინახე, თუ როგორ პარავდა ე.წ. სამართალდამცავი სამართალუპოვარ მამებს – ბატონ მაჩალიკაშვილს და ბატონ სარალიძეს პარლამენტთან სრულიად კანონიერად გასაშლელ კარვებს. შემზარა ამ კადრებმა, მეგობარს, რომელიც მართავდა მანქანას, ვთხოვე, შეეცვალა მიმართულება და პარლამენტთან მივეყვანე.

ამის შემდეგ საჯაროდ გამოვჩნდი მაშინ, როცა გაიტაცეს და ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაგვიბრუნეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. აბა, რა დამსვამდა სახლში?!

გამოვჩნდი კიდევ ერთხელ მაშინ, როცა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალბატონი მაია ოთინაშვილი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა და ვითხოვდით მის დაბრუნებას, ამ მიზნით სრულიად აპოლიტიკურად მხარდაჭერა ვთხოვე ადვოკატებს, ჩემს კოლეგებს და გავმართეთ სპეციალური ბრიფინგი და აშშ-ს, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართეთ მხარდაჭერის აღმოჩენის თხოვნით. ბევრი რომ არ გავაგრძელო ვჩანდი იქ, სადაც იყო უსამართლობა, იყო რუსული საფრთხეები და ხანდახან პირად პოზიციებს ვაფიქსირებდი სოციალურ ქსელებში და იშვიათად – მედიაში.

– გარდა თქვენი გამოჩენისა, თქვენ პარტიის ,,კანონი და სამართალი’’-ს გენერალური მდივანიც ხართ. რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი მაინცდამაინც ამ პარტიაზე ?

– პარტიის ყრილობაზე ამომწურავად ვისაუბრე ამ საკითხზე, თუმცა აქაც სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ერთ დღესაც ჩემი გეგმები და ფიქრები სრულად შეცვალა ქალბატონი თაკო ჩარკვიანის სატელეფონო ზარმა. თითქმის ათწლეულის განმავლობაში პირადად ვიცნობდი მის მეუღლეს, ბატონ ჯონი გიგანს, ცხადია თაკოსაც და პატივისცემით ვიყავი განწყობილი ამ ლამაზი ქართული ოჯახის მიმართ. ქვეყანაში არსებული უმძიმესი საშინაო პოლიტიკის, სტაგნაციის, ინსტიტუციური ნგრევის, ტოტალური უმუშევრობის, უიმედობის, კორუფციის, კრიზისის და საგარეო მიმართულებით არსებული უმწვავესი გამოწვევების გათვალისწინებით ჩემგან კონფორმისტული იქნებოდა გამეგრძელებინა ეს ე.წ. პოლიტიკური არდადეგები და არ დავმდგარიყავი თაკოს გვერდით. მივიღე შეთავაზება, მიწვევა და ცხადია, ვუპასუხე ისე, როგორც სინდისმა და პასუხისმგებლობამ მიკარნახა.

დიახ, გამგეობის, ანუ იგივე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრობის გარდა, გუნდის გადაწყვეტილებით, დავიკავე გენერალური მდივნის პოლიტიკური თანამდებობა და მზად ვარ, ღირსეულად გავუმკლავდე რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. არჩევანი გავაკეთე იმ თვალსაზრისით, რომ ამ საქმეში მიმიწვიეს ადამიანებმა, რომლებსაც დიდი ხანია პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ, ცხადია მხოლოდ პიროვნულ სიმპატიებზე დაყრდნობითაც არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება და რადგან ამ ადამიანებში დავინახე სიმართლე, სწრაფვა კორუფციის, როგორც უკიდურესი ანტისახელმწიფოებრივი სისტემის წინააღმდეგ, სწრაფვა დრომოჭმული ხელისუფლების მავნებლობის წინააღმდეგ და სწორება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ბევრი საფიქრალიც აღარ დამრჩა, მივედი, დავდექი ქართველი ლიდერი ქალის გვერდით და შევქმენით ძალიან საინტერესო და პროგრესული გუნდი, რომელიც აუცილებლად დაატყობს კვალს სტანდარტებს მიღმა არსებულ ქართულ პოლიტიკას და რაც მთავარია, კვალს დავატყობთ ამ კორუფციულ-კლანური სისტემის დემონტაჟის საქმეს.

– რას და როგორ შეცვლის ახალია პარტია პოლიტიკურ ველზე ?

– ჩვენ ამბიციური, თუმცა სრულიად რეალისტური გეგმები და მიზნები გვაქვს, ჩვენი მიზანია უკომპრომისო ბრძოლა უკანონობის და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც სრულად ვერ დავძლიეთ ვერასდროს და კვლავ ამ პირობებში ვამყოფებთ ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას. სახელწოდებსაც დააკვირდით, კანონი და სამართალი, ეს ორი უმნიშვნელოვანესი ცნება, ინსტიტუცია, სწორედ ეს აკლია ჩვენს ქვეყანას. უკანონობის და უსამართლობის განცდამ ბევრ სხვა მიზეზებთან ერთად ბევრ ადამიანს უბიძგა ქვეყნის დატოვებისკენ და ბევრიც უკვე გაგვაერთიანა.

ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნიდან პრაქტიკულად იძულებით ემიგრაციაში მყოფი 1 700 000 ზე მეტ ქართველ ემიგრანტთან კომუნიკაცია, ქართულ დიასპორასთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, მათი განუზომლად მაღალი შესაძლებლობების, უნარების, ცოდნის, გამოცდილების, ავტორიტეტის გამოყენება ქვეყნის ინტერესებისთვის და რაც მთავარია სპეციალური საკანონმდბელო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების, სპეციალური პირობების შექმნის გზით ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ხალხის ოჯახებში დაბრუნება-რეინტეგრაციისთის ბრძოლა, ამას გავაკეთებთ ახლა, ჯერ კიდევ ოპოზიციიდან და მალე ხელისუფლებაშიც, იქამდე, ვიდრე დიდი ნაწილი არ დაბრუნდება და არ შევქმნით ამ პირობებს.

პარტია რამდენიმე დღისაა და კომფორტის ზონიდან უკვე გამოვიყვანეთ ხელისუფლება, დააკვირდით როგორ იაფფასიან ,,სკანდალებს’“ გვიწყობენ და როგორ ვართ „ქართული ოცნების“ დაფინანსებული ტროლების მთავარი სამიზნე. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ არ გვეშინია მათი, ჩვენ გვეშინია მხოლოდ იმის, რომ არ დავკარგოთ ქვეყანა, არ დავკარგოთ ხალხის რუდუნებით და მოთმინებით მიღწეული წარმატებები და ევროპული პერსპექტივები, რომელსაც აშკარად ემუქრება საფრთხე.

– ადამიანებს კანონის მორჩილება არ უყვართ. თქვენი გუნდი როგორ შეძლებს, რომ საზოგადოებას კანონის მორჩილებას მიაჩვიოს და, საერთოდ, სამართლიანი სახელმწიფო შექმნას ?

– ვერ დაგეთანხმებით, რომ ადამიანებს არ უყვართ კანონმორჩილება, მე ასე არ მგონია, კანონის მორჩილებაშია ადამიანების თავისუფლება, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და თუ ამ სიკეთეების წინააღმდეგ წავა გარკვეული ჯგუფი, უნდა იცოდეს, რომ მოუწევს ან დამოკიდებულების გადახალისება ან უკიდურეს შემთხვევაში იზოლაცია. სამართლიანი სახელწმიფო შეიქმნება მაშინ, როცა ქვეყანაში იქნება დემოკრატია, მაშინ, როცა არ გვაქვს არჩევნები და ეს ბოლოს განსაკუთრებით დადასტურდა ეუთოს დასკვნითაც და არ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა, რომელ დემოკრატიაზე შეიძლება საუბარი? თვითდინებაზე მიშვებული ვართ და თან ჭაობში გვექაჩებიან რუსული სპეცსამსახურები და მათი ზეწოლის თუ ხიბლის ქვეშ მყოფი ჩვენივე თანამოქალაქეების მარგინალური ჯგუფები. მერწმუნეთ, ახლა, პირველ რიგში, გადასარჩენი გვაქვს სამშობლო და ამის მერე ერთად მოგვიწევს სახელმწიფოდ მისი ფორმირება, ჯერ აქ ყველაფერი ფასადურია, თუ რამ მიღწევები გვქონდა ისიც კი გაანადგურეს და დაუქვემდებარეს კლანებს, მაფიოზებს, უწიგნურ ნათესავებს.

– რას ნიშნავს ანტიკორუფციული კანონი, რომელზეც მახვილს თქვენი პარტია სვამს ?

– კვლავ იმით უნდა დავიწყოთ, რომ კორუფცია არის ფართომასშტაბის მქონე მომაკვიდნებელი სენი, ისე, როგორც ადამიანის ორგანიზმში სიმსივნე. ჩვენი სამშობლოც ახლა სიმსივნით დაავადებული ადამიანის პირობებშია, რომელსაც ნელ-ნელა სიცოცხლეს და მომავალს უსპობს კორუფციის მეტასტაზები. ანტიკორუფციული საკანონმდებლო აქტი და მუხლები უკვე არსებობს, თუმცა ეს რუსეთშიც კი არსებობს ისე, როგორც აქ, უფუნქციოდ. ერთია, რა წერია მუხლებში და მეორე, ვინ აღასრულებს მას. კორუფციულ-კლანური სისტემა, როგორ ფიქრობთ, გამოიყენებს რეგულაციებს? – არა, ის ამას იყენებს მაშინ, როცა კონკურენტი ან განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე სუბიექტი ჰყავს გასანადგურებელი. დასახვეწია სამართლებრივი რეგულაციაც, გასამკაცრებელია სასჯელები და იგი უნდ აიყოს ბევრად მეტი ვიდრე ე.წ. ქურდული მენტალიტეტი, ისიც ასევე, უდიდესი კომუნისტური ბოროტება ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ისე როგორც ამ უკანასკნელს უნდა დვაუპირისპირდეთ იდეოლოგიურად და სანქციების გარდა უნდა ავამოქმედოთ პროპაგანდისტული მანქანა, რათა ყველამ დაბეჯითებით გაიგოს, რამხელა საფრთხეა კორუფცია და როგორ გვისპობს ხვალინდელ დღეს. ამას ვერ და არ გააკეთებს 7 წლის ხელისუფლება, ახლა მთავარია, დავემშვიდობოთ მას და ეს გავაკეთოთ დემოკრატიული გზით.

– ელოდებით თუ არა სახელისუფლებო ტროლებისგან თავდასხმებს ?

– არ ველოდებით, ველოდებოდით და ვიწვნიეთ კიდეც. არ ცხრება ტროლების და ტროლების შექმნელი ბინძური ძალების ამორალური მანევრები ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ ეს ჩვენ ვერც გვაბრკოლებს და არც გვაშინებს, ეშინოდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სიბინძურის სათავეშია, ვინც ამ სიბინძურეს გეგმავს, ავალებს და ახორციელებს, მალე მოვა დრო, როცა ყველაფერი ნათელი გახდება და მოხდება მათი სრული ლუსტრაცია, თუმცა ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, ვინ დგას სათავეში, უკანონო დავალების შემსრულებლებსაც მალე დავაზუსტებთ და მათ, ყველას ერთად მოუწევთ კანონის და სამართლის წინაშე პასუხისგება.

– ირაკლი ღლონტი პარტიაში რა მიმართულებით იმუშავებს ?

– ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას, როგორც გამგეობის, ანუ პოლიტიკური საბჭოს წევრი და როგორც პარტიის გენერალური მდივანი. საკმაოდ ფართო უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობებს მოიცავს ორივე თანამდებობა, თუმცა ვიდგები ყველგან , სადაც იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარტიის გამგეობის წევრები, ჩემი თანამებრძოლები და პარტიის თითოეული წევრი. ვფიქრობ, მაქსიმალურ დროს დავუთმობ სასამართლო სისტემასთან, ქვეყნის საგარეო გამოწვევებთან და ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

– ისე, საკუთარი პარტია გქონდათ და არ გერჩიათ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება მისი გაძლიერებისთვის მოგეხმარებინათ ?

– არ მქონია საკუთარი პარტია, 4 წლის განმავლობაში, 2014-დან 2018 წლის ჩათვლით, გახლდით პარტია ,,რეფორმატორების“ თავმჯდომარე. მინდა გითხრათ, რომ პარტია ერთ კაცს არასდროს ეკუთვნის და თუ ეს ასე არაა, ე.ი. პარტიაზე არ ვსაუბრობთ და ის სხვა რამ არის. ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ერთგული მეგობარი შემძინა ამ 4 წელმა. ეს ის წლებია, რომელიც ღირსეულად გავიარეთ, თუმცა შეცდომებითაც, ეს დრო დარჩება განსაკუთრებულ მოგონებად. მინდა, თითოეულ წევრს, დამფუძნებელს, მხარდამჭერს, კრიტიკოსს, ყველას გადავუხადო გულწრფელი მადლობა, რომ ახალგაზრდა ასაკში, 26-27 წლის კაცს მომცეს უფლება, ვყოფილიყავი პარტიის ლიდერი. ხელოვნური თუ ბუნებრივი დაბრკოლებების არსებობის პირობებში შეიძლება ჩვენ ვერ შევძელით ბევრი, მაგრამ ჩვენ შევძელით არაერთი რუსული საფრთის პრევენცია, ბევრი ადამიანის მხარდაჭერა, ბევრი საპროტესტო აქციის ორგანიზება, ბევრი მავნებლობის შეჩერებაში მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის „რუსთავი 2“-ის გვერდით დგომა და სხვა, ეს საინტერესო იყო, მადლობა რეფორმატორებს, ისინი ჩემი მოგონებების განუყრელი და საპატიო წევრები იქნებიან ჩემი სიცოცხლის მანძილზე.

– „კანონი და სამართალი“ გახდება თუ არა მესამე ძალის რეალური საძირკველი?

– უკვე გაიცანით პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები – თაკო ჩარკვიანი, მიხეილ რამიშვილი, ახალგაზრდა ძალიან საინტერესო ლიდერი გიორგი ცობეხია, კორუფციის დაუძინებელი მტერი ქეთი ენუქიძე, მეც დიდი ხანია, მიცნობთ და მაინც გგონიათ, რომ მეორე, მესამე და მეხუთე ადგილისთვის დავიწყეთ ასპარეზობა ? ცხადია ეს ნახევრად ხუმრობით.

ისე, მინდა გითხრათ, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს მოსახლეობამ, ჩვენ კი ვეცდებით, რომ  დავიმსახუროთ ნდობა და გავხდეთ პირველები.

– როგორ გაუმკლავდებით მომატებულ რუსულ პროპაგანდას?

თუ ჩვენ შევქმნით კორუფციული მენტალიტეტისგან თავისუფალ სივრცეს, პასუხისგებაში მივცემთ კორუმპირებულ პირებს, მთავარი პროკურორის მანდატს გადავცემთ ოპოზიციას, დავიწყებთ სასამართლო სისტემის რეფორმირებას და რუსული მენტალიტეტის მქონე ხალხს ხელიდან გამოვტაცებთ განწირვისთვის განკუთვნილ ქვეყანას, მერწმუნეთ, ყველა ინსტიტუცია ჩადგება ფორმაში, მათ შორის, ეროვნული სპეცსამსახური, როგორც ქვეყნის ხერხემალი, რომელიც შველას საჭიროებს და ამ გზით და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კავშირით ჩვენ ვუზრუნველყოფთ რუსული სამხედრო აგრესიისგან თუ რუსული ე.წ. ჰიბრიდული ომის საფრთხისგან მოსახლეობის დახსნას.

მინდა გითხრათ, რომ გუშინ პარტიის თავმჯდომარე და მე აშშ-ის საელჩოს მიწვევით შევხვდით ამერიკელ დიპლომატებს, გვქონდა საინტერესო გაცნობითი შეხვედრა, ვისაუბრეთ პარტიის ფორმირების მიზნებზე, ამოცანებზე და სმაომავლო გეგმებზე და ვაპირებთ, მჭიდრო კავშირს ცივილიზებულ სივრცესთან, განსაკუთრებულ ახლო კავშირს ამერიკელ ხალხთან და მათ ინსტიტუციებთან.

banner
წინა სტატიაშიანტისაოკუპაციო მოძრაობასა და ძალოვნებს შორის შეთანხმება შედგა – ხურვალეთში 4-კაციანი ჯგუფი შევა
შემდეგი სტატია“სულ ვფიქრობდი, რომ შემაკავებელი იყო ჩვენთვის აჩის ფაქტორი და ახლა ცოტა შემეშინდა” – არჩილ თალკვაძის მეზობლები ქურდობაზე